“ტრაგიკულია, რომ ორბანი საქართველოს ხელისუფლებისთვის ერთადერთი მოკავშირეა”-ანა წითლიძე

16
spot_img

ტრაგიკულია, რომ ორბანი, რომელიც პრობლემას წარმოადგენს თავად ევროკავშირისთვის და ხელს უშლის ევროკავშირის გაფართოებას, არის ერთადერთი მოკავშირე საქართველოს ხელისუფლებისთვის საერთაშორისო ასპარეზზე, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა ანა წითლიძემ განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, რასაც ორბანი აკეთებს, ეს საფრთხეა არა მხოლოდ უკრაინისთვის, ასევე საქართველოსთვის და მოლდოვასთვის და ყველა იმ ქვეყნისთვის, რომელიც გაფართოების არეალში მოიაზრება.

„ერთი ერთში ჰგავს საქართველოს ხელისუფლებისა და ორბანის განცხადებები და ქმედებები ერთმანეთს. ორბანი აშანტაჟებს ევროკავშირს უკრაინის საკითხთან და ზოგადად ევროკავშირის გაფართოების საკითხთან დაკავშირებით, რადგან ეს არ არის მხოლოდ უკრაინის საკითხი, ეს არის ევროკავშირის გაფართოების საკითხი. ორბანი ცდილობს დააშანტაჟოს ევროკავშირი და მიიღოს 24-მილიარდიანი დაფინანსება, რომელიც ევროკავშირს გაყინული აქვს მისთვის უნგრეთის შიდა პოლიტიკური პროცესების გამო. ცხადია, რასაც ორბანი ახლა აკეთებს, ეს საფრთხეა არა მხოლოდ უკრაინისთვის, ასევე საქართველოსთვის და მოლდოვასთვის და ყველა იმ ქვეყნისთვის, რომელიც გაფართოების არეალში მოიაზრება. ორბანის ეს განცხადება ახლა თუ ვინმეს უწყობს ხელს, ეს არის პუტინი და რუსეთის ხელისუფლება. ჩვენ არაერთხელ გვითქვამს, შემთხვევითი არ არის, რომ „ქართულ ოცნებას“ ერთადერთი მოკავშირე ჰყავს და ის არის პრორუსულად განწყობილი ორბანი, რომელიც ევროკავშირისთვის არის დიდი თავის ტკივილი“, – განაცხადა წითლიძემ.

ინფორმაციისთვის, უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა, ვიქტორ ორბანმა ევროპული საბჭოს პრეზიდენტს, შარლ მიშელს წერილი გაუგზავნა, სადაც აღნიშნულია, რომ ევროკავშირის დაგეგმილი სამიტის დღის წესრიგიდან უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანებისა და ქვეყნისთვის დახმარების სახით 50 მილიარდი ევროს გამოყოფის საკითხები ამოიღონ, რადგან ისინი მაინც ჩავარდება.

„პატივისცემით მოგიწოდებთ, არ მოიწვიოთ ევროპული საბჭო დეკემბერში, ამ საკითხებზე გადაწყვეტილების მისაღებად, რადგან კონსენსუსის აშკარა არ არსებობა აუცილებლად გამოიწვევს მარცხს“, – აღნიშნულია ორბანის წერილში.