თურქეთმა ერაყში, ქურთ მებრძოლებზე საჰაერო იერიში განახორციელა

207
spot_img

თურქეთის თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, ჩრდილოეთ ერაყში ქურთ მეამბოხეებზე რამდენიმე საჰაერო დარტყმა განახორციელეს.

უწყების ინფორმაციით, 20 სამიზნე გაანადგურეს და “ქურთისტანის მუშათა პარტიის” ბევრი ბოევიკი “გაანეიტრალეს”.

საჰაერო დარტყმების სამიზნე იყო საწყობები და ბუნკერები, რომლებსაც “ქურთისტანის მუშათა პარტია” იყენებდა.”ოპერაციის მიზანი იყო “ქურთისტანის მუშათა პარტიისა” და სხვა ტერორისტული ელემენტების განეიტრალება, ჩრდილოეთ ერაყიდან ჩვენი მოსახლეობისა და ჩვენი სამართალდამცავი ორგანოების წინააღმდეგ ტერორისტული თავდასხმების თავიდან აცილება და ჩვენი საზღვრების უსაფრთხოების უზრუნველყოფა“, – აცხადებენ უწყებაში.

ოპერაციის დაწყებიდან რამდენიმე საათით ადრე თვითმკვლელმა ტერორისტმა ანკარაში, თურქეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს შენობასთან, რომელიც პარლამენტთან ახლოს მდებარეობს, ასაფეთქებელი მოწყობილობა აამოქმედა. მოგვიანებით, “ქურთისტანის მუშათა პარტიამ” განაცხადა, რომ აფეთქება მათთან დაკავშირებულმა ჯგუფმა, “უკვდავთა ბატალიონმა” განახორციელა. ქურთისტანის მუშათა პარტია თურქეთში, ევროკავშირში, გაერთიანებულ სამეფოსა და აშშ-ში ტერორისტულ დაჯგუფებად ითვლება.