თურქეთის ჩრდილო-დასავლეთ ნაწილში ტყის ხანძარი გაძლიერდა

53
spot_img

თურქეთის ჩრდილო-დასავლეთ ნაწილში ტყის ხანძარი გაძლიერდა. ამის შესახებ ინფორმაციას თურქეთის სახელმწიფო სააგენტო „ანადოლუ“ ავრცელებს.

მათივე ცნობით, ცეცხლის ახალ ტერიტორიებზე გავრცელების საფრთხის გამო კიდევ ხუთი დასახლებიდან მოქალაქეების ევაკუაცია გადაწყდა. მანამდე მოსახლეობა ცხრა სოფლიდან გაიყვანეს.

ხანძრის შედეგად დაზარალებულთა რიცხვი 95-მდე გაიზარდა. ცეცხლის ჩაქრობას 2 900-ზე მეტი მეხანძრე ცდილობს. მობილიზებულია რვა თვითმფრინავი, 28 ვერტმფრენი და 445 ერთეული ტექნიკა.

მასშტაბური ხანძრის გამო დროებით ჩაკეტეს დარდანელის სრუტეც. აღსანიშნავია, რომ, თურქეთის გარდა, ტყეში გაჩენილი ხანძარი, უკვე ხუთი დღეა, მძვინვარებს საბერძნეთშიც, სადაც სტიქიას მსხვერპლი მოჰყვა. უკანასკნელი ცნობებით, დაღუპულია 20 ადამიანი. მათ შორის 18, სავარაუდოდ, მიგრანტია, რომლებიც ქალაქ ალქსანდროპოლისთან ტყეს აფარებდნენ თავს.

ხანძარი მძვინვარებს ათენის შემოგარენშიც, რის გამოც რამდენიმე დასახლებიდან მოქალაქეების ევაკუაცია განხორციელდა, ხოლო ათენს კვამლი ფარავს. ხანძრის ჩაქრობაში ასობით მეხანძრე, სამხედროები, პოლიციელები და მოხალისეები არიან ჩართულები. მობილიზებულია ავიაციაც.