თუკი ამერიკას სურს ორმხრივი ურთიერთობის გაღრმავება, ეს ყოველგვარი წინაპირობების გარეშე უნდა მოხდეს -თამთა მეგრელიშვილი

32
spot_img

„საქართველო მიჰყვება დემოკრატიული განვითარების გზას და, მეტიც, გამჭვირვალობის შესახებ კანონიც დემოკრატიული განვითარების დასტურია. ასე რომ, თუკი აშშ-ს ნამდვილად უნდა ჩვენთან მეგობრობის გაღრმავება, ვიზალიბერალიზაცია, სავაჭრო ურთიერთობები და სხვა სახის ორმხრივი სასარგებლო ურთიერთობები, ამ ყველაფერს მხოლოდ მივესალმებით და პოლიტიკური ნიადაგი ამისთვის მზადაა“, – ამის შესახებ „ხალხის ძალის“ წევრი, თამთა მეგრელიშვილი სოციალურ ქსელში წერს.

მეგრელიშვილი ეხმიანება გამოცემა Politico-ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციას იმის შესახებ, რომ „აშშ საქართველოსთვის მნიშვნელოვანი სამხედრო, სავაჭრო პაკეტის გადაცემას და სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციას განიხილავს, თუ ანტიდემოკრატიული კურსი შეიცვლება“.

მისი თქმით, ყველას უნდა ესმოდეს, რომ „გამჭვირვალობის კანონს“ საქართველო არ იღებს სავაჭროდ, ვინაიდან საქართველო დემოკრატიული განვითარების გზას მიჰყვება და კანონიც დემოკრატიული განვითარების დასტურია.

„საქართველოსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის ურთიერთობები თანამშრომლობის მრავალ სფეროს მოიცავს. ამერიკის შეერთებული შტატების ერთ-ერთი მთავარი მოკავშირე აღმოსავლეთ ევროპაში საქართველო იყო მესამე უდიდესი კონტრიბუტორი ერაყის ომში და ერთ სულ მოსახლეზე ყველაზე დიდი კონტრიბუტორი ავღანეთში აშშ-ის ხელმძღვანელობით მისიაში.

2009 წლიდან საქართველო-ამერიკის ურთიერთობები გამარტივებულია აშშ-საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობის ქარტიით, რომელმაც შექმნა ოთხი ორმხრივი სამუშაო ჯგუფი: დემოკრატიის პრიორიტეტული სფეროები; თავდაცვა და უსაფრთხოება; ეკონომიკური, სავაჭრო, ენერგეტიკული საკითხები; ხალხთა შორის და კულტურული გაცვლა. წლები გავიდა და ამერიკის შეერთებულ შტატებს სურს, რომ საქართველოსთან, როგორც პარტნიორთან, ურთიერთობა გაამყაროს.

(ვფიქრობთ, ამ მიმართულებით ნაბიჯები გაცილებით ადრეც უნდა გადაედგათ), მაგრამ, ამას ხელს უშლის ვირტუალური რეალობა, რომელსაც რადიკალური ოპოზიცია და მათი უცხოელი ლობისტები საგანგებოდ ქმნიან. მაგალითად, მიზანმიმართულად მუშაობენ, რომ ქართველ ხალხს და საერთაშორისო საზოგადოებას მოახვიონ თავს, თითქოს, ქართული კანონი – რუსულია, თითქოს კანონი, რომელსაც ამერიკის შეერთებულ შტატებში, საფრანგეთში, კანადაში, ავსტრალიასა და სხვა ევროპულ ქვეყნებში გამჭვირვალობა მოაქვს, საქართველოში სიბნელეს მოიტანს, რაც არასწორია. საქართველო მიჰყვება დემოკრატიული განვითარების გზას და მეტიც, გამჭვირვალობის შესახებ კანონიც დემოკრატიული განვითარების დასტურია. ასე რომ, თუკი აშშ-ს ნამდვილად უნდა ჩვენთან მეგობრობის გაღრმავება, ვიზალიბერალიზაცია, სავაჭრო ურთიერთობები და სხვა სახის ორმხრივი სასარგებლო ურთიერთობები, ამ ყველაფერს მხოლოდ მივესალმებით და პოლიტიკური ნიადაგი ამისთვის მზადაა. ყველას უნდა ესმოდეს, რომ გამჭვირვალობის კანონს საქართველო არ იღებს სავაჭროდ, ქვეყანა არ აპირებს არავისთან ქვეყნის სუვერენიტეტით ვაჭრობას.

თუკი ამერიკას სურს ორმხრივი ურთიერთობის გაღრმავება, ქართული სახელმწიფო ამას მიესალმება და, ვფიქრობთ, ეს ყოველგვარი წინაპირობების გარეშე უნდა მოხდეს. ქართული სახელმწიფო იმსახურებს მეტ დაფასებას!“, – წერს თამთა მეგრელიშვილი.