თუ ვინმე ან რამე აზიანებს სამოქალაქო საზოგადოებას და სამოქალაქო საზოგადოების იდეას, ეს არის სწორედ არასამთავრობო სექტორს ამოფარებული პოლიტიკური პარტიები -არჩილ თალაკვაძე

22
spot_img

თუ ვინმე ან რამე დღეს აზიანებს სამოქალაქო საზოგადოებას და სამოქალაქო საზოგადოების იდეას, ეს არის სწორედ არასამთავრობო სექტორს ამოფარებული პოლიტიკური ჯგუფები და პარტიები, რომლებიც მთელ რიგ შემთხვევებში პარალელურად ასევე არიან არასამთავრობო ორგანიზაციებად დარეგისტრირებული, – ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, არჩილ თალაკვაძემ ჟურნალისტებს უცხოური დაფინანსების გამჭვირვალობაზე საუბრისას განუცხადა.

მისივე თქმით, არასამთავრობო სექტორმა მათი დაფინანსების წყაროების შესახებ ინფორმაცია ისევე უნდა გაასაჯაროოს, როგორც ამას პოლიტიკოსები თუ ბიზნესის წარმომადგენლები აკეთებენ.

„დღეს კიდევ უფრო აშკარაა, რომ ამ სფეროში საქართველოსაც სჭირდება რეგულაცია და კანონმდებლობა. არასამთავრობო ორგანიზაციებს ამოფარებული პარტიები, მათ შორის, ჯგუფები, რომლებიც ძალადობასა და დესტაბილიზაციას პირდაპირ აორგანიზებენ, ფინანსდებოდნენ ყოველგვარი გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების გარეშე. ასევე, ორგანიზაციები, რომლებიც ცდილობდნენ არჩევნების ძირის გამოთხრას და შედეგებით მანიპულირებას – პარალელური დათვლის შედეგები პირდაპირ გაყალბდა.

საჭიროა გამჭვირვალობა, საჭიროა ანგარიშვალდებულება ისევე, როგორც ბიზნესი, საჯარო სექტორი, თანამდებობის პირები ვაბარებთ დეკლარაციებს, დეკლარაციები უნდა ჩააბაროს და ინფორმაცია უნდა გაასაჯაროოს არასამთავრობო სექტორმა.

თუ ვინმე ან რამე დღეს აზიანებს სამოქალაქო საზოგადოებას და სამოქალაქო საზოგადოების იდეას, ეს არის სწორედ არასამთავრობო სექტორს ამოფარებული პოლიტიკური ჯგუფები და პარტიები, რომლებიც მთელ რიგ შემთხვევებში პარალელურად ასევე არიან არასამთავრობო ორგანიზაციებად დარეგისტრირებული, სწორედ ეს აქტივობა და ის ადამიანები, ვისაც უნდათ პოლიტიკაში ყოფნა, მაგრამ არ უნდათ გამოჩენა, აზიანებენ სამოქალაქო საზოგადოების იდეას. ამიტომ, ეს უნდა გახდეს გამჭვირვალე“, – განაცხადა თალაკვაძემ.

პარლამენტმა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტი პირველი მოსმენით მიიღო.