თუ თქვენ და ღარიბაშვილი ახერხებთ ყოველდღიურად გამდიდრებას, რატომ ვერ ახერხებს ჩვენი ასობით ათასი მოქალაქე? – ასე მიმართა „სტრატეგია აღმაშენებლის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, პაატა მანჯგალაძემ „ქართული ოცნების“ დეპუტატებს.
მანჯგალაძემ ქვეყნის წინაშე არსებულ გამოწვევებზე ისაუბრა და მმართველ გუნდს მიმართა, რომ საქართველოს მოქალაქეების რეალური პრობლემების ნაცვლად, „გამოგონილ საკითხებზე” საუბრობენ.
„ „ქართულ ოცნებას“ უნდა ესმოდეს, არსებობს საკითხები, რომლებსაც გააჩნია ეროვნული ღირებულება, მაგალითად, ემიგრანტების დაბრუნება, სამუშაო ადგილების შექმნა, ევროკავშირის წევრობა – ესენი ეროვნული საკითხებია და არა ვიწრო პარტიული ინტერესი.
საქართველოს მთავარი გამოწვევა არის მაღალი ფასები, იძულებითი ემიგრაცია, დაბალი შობადობა, უმუშევრობა, დღეს ნახევარ მილიონზე მეტი ჩვენი მოქალაქე ფაქტობრივად უმუშევარია. აი, ეს პრობლემები გვინდა მოვაგვაროთ, თქვენ კი დაინტერესებული ხართ ცრუ პროპაგანდით. ხელისუფლება სულ მომართულია ხალხის დათრგუნვის, დაშინებისა და წარსულზე საუბრისკენ. ნაცვლად იმისა, რომ ისაუბრონ საქართველოს მოქალაქეების რეალურ პრობლემებზე, საუბრობენ გამოგონილ საკითხებზე, რომლებიც რეალურად არ არსებობს.
ასეთი სტრატეგია აქვთ არჩეული, რომ კი არის საქართველოში ცუდად საქმე, მაგრამ მეზობელ ქვეყნებში უფრო ცუდად არის და ამასობაში იმ მეზობელმა ქვეყნებმაც გაგვისწრეს. გაგვასწრო სომხეთმა, აზერბაიჯანმა, ყაზახეთმა.
მაგალითად, სომხეთში დემოგრაფიული მაჩვენებელი ბევრად გაუმჯობესდა, შემოსავალი ერთ სულ მოსახლეზე მეტია, ვიდრე ჩვენთან, ფასები ბევრად დაბალია, შესაბამისად, მიგრაციის მაჩვენებელიც დაბალი აქვთ.
იძახით, მეტის მიღწევა არ შეგვიძლიაო, მაშინ ვსვამ კითხვას, როგორ შეძლო ღარიბაშვილმა, რომელიც ნაჩუქარი ფულით წავიდა სასწავლელად, გამხდარიყო მილიონერი? თუ ღარიბაშვილი და თქვენ ახერხებთ ყოველდღიურად გამდიდრებას, რატომ ვერ ახერხებს იმავეს ჩვენი ასობით ათასი მოქალაქე?
მესმის, არ გაქვთ პასუხები და ამიტომ გაურბიხართ ამ საკითხებს”, – დასძინა მანჯგალაძემ.