“დარწმუნებული ვარ, საქართველო გააგრძელებს წინსვლას, პროგრესს და შემდგომშიც მოვახერხებთ მშვიდობის შენარჩუნებას რეგიონში”

13
spot_img

„სხდომათა დარბაზში ძალიან ბევრი მანიპულაციური და დემაგოგიური მოსაზრება გაისმა ეკონომიკურ ზრდასთან დაკავშირებით. მოვუწოდებ ოპოზიციის წარმომადგენლებს, რომ ეკონომიკის წიგნებში, სათაურის და შესავლის გარდა რაც წერია, ისიც წაიკითხონ“, – განაცხადა პოლიტიკური ჯგუფი „ხალხის ძალის“ წევრმა ეკა სეფაშვილმა.

დეპუტატის მოსაზრებით, ოპოზიციას ეკონომიკაზე ძალიან ბუნდოვანი წარმოდგენა აქვს. მისივე თქმით, ეკონომიკურ განვითარებას პირველ რიგში, მშვიდობიანი და სტაბილური გარემო განაპირობებს, რომელიც სწორედ მმართველმა გუნდმა, საპარლამენტო უმრავლესობამ და აღმასრულებელმა ხელისუფლებამ უზრუნველყო.
„საბედნიეროდ, შემუშავებულია ისეთი პოლიტიკა, რომელმაც გაამართლა და მხოლოდ თებერვლის თვეში, ჩვენ გვაქვს დაახლოებით, 9%-ზე მეტი ზრდა. თუ ჩვენი სტატისტიკის შეფასებების არ გჯერათ, საერთაშორისო ეკონომიკური ინსტიტუტების, მათ შორის, სავალუტო ფონდის პროგნოზით, 2024-2028 წლებში საქართველოს ეკონომიკური ზრდა იქნება 5%-ზე მეტი. ხოლო, ერთ-ერთი სარეიტინგო კომპანიის შეფასებით, ჩვენი საინვესტიციო რეიტინგი და მიმზიდველობა საკმაოდ მაღალ ნიშნულზეა და გაუმჯობესების პერსპექტივით ხასიათდება.

ეს არის პასუხი რადიკალური ოპოზიციის იმ კითხვაზე, თუ რას ვაკეთებთ ქვეყნისათვის. უმუშევრობა, სიღარიბე, დაბალი ხელფასები, იძულებითი მიგრაცია – ეს მემკვიდრეობით მიღებული პრობლემებია, რომელთა მოგვარებასაც ვცდილობთ და საკმაოდ წარმატებითაც გამოგვდის. უმუშევრობა განახევრებულია, სიღარიბე განახევრებულია. ბავშვთა დახმარებისათვის 600 მილიონია გამოყოფილი, მაშინ, როცა „ნაცმოძრაობის“ პერიოდში ნული ლარი იყო გამოყოფილი. სოციალური ბიუჯეტი დღეს 5,6 მილიარდი ლარის ოდენობით გვაქვს, ხოლო „ნაცმოძრაობის“ დროს ის იყო 1,5 მილიარდი ლარის ოდენობით. ეს არის ის პროგრესი და რეალური რიცხვები, რომელთაც ხაზს ვუსვამთ.

რადიკალური ოპოზიციის მიერ გამოფენილი ბანერები კი, რომლებიც თითქოს სოციალურ პრობლემებს ეხება, ყველაზე ნაკლები უბედურებაა მათ შორის, რაც მათ ქართველ ხალხს „ნაცმოძრაობის“ რეჟიმისას დამართეს. დარწმუნებული ვარ, საქართველო გააგრძელებს წინსვლას, პროგრესს და რაც მთავარია, შემდგომშიც მოვახერხებთ მშვიდობის შენარჩუნებას რეგიონში, რაც ჩვენი ყველაზე დიდი მიღწევაა“, – განაცხადა ეკა სეფაშვილმა.