თუ ოპოზიციიდან ვინმე გაიყიდება და ქვეყნის ღალატს ხელს იმ იმედით მოაწერს, რომ მისი, როგორც ერის გამყიდველის ვინაობა არ გამჟღავნდება, ძალიან ცდება! -ოქრიაშვილი

286
spot_img

პარტია „პროგრესი და თავისუფლებას“ ლიდერი კახა ოქრიაშვილი განცხადებას ავრცელებს.

„როგორც „რუსული ოცნება“ აცხადებს, პრეზიდენტის იმპიჩმენტი იმიტომ წამოიწყეს, რომ სალომე ზურაბიშვილმა საქართველოს კონსტიტუცია დაარღვია. სამწუხაროდ, კონსტიტუცია ირაკლი კობახიძის მიერ მრავალჯერ გადაიწერა და მას შეიძლება „კობახიძის კონსტიტუციაც“ ეწოდოს, რომელიც ხელისუფლების ცვლილებასთან ერთად, დემოკრატიულ საფუძვლებს დაუბრუნდება.

მაშ, რა არის იმპიჩმენტის მთავარი მიზეზი ?! „რუსულ ოცნებას“ გადაწყვეტილი აქვს 2024 წლის არჩევნების გაყალბება და რადგან პრეზიდენტ ზურაბიშვილს არ ენდობა და ხედავს რისკს, რომ ის, საერთაშორისო საზოგადოებასთან ერთად, გაყალბებულ არჩევნებს თავის სახელს დაარქმევს, რაც „ოცნების“ ხელისუფლების დელეგიტიმაციას ნიშნავს, ამიტომაც გამოუცხადეს ბრძოლა.

ვითომ ოპოზიციური და დამოუკიდებელი დეპუტატების ხმების გარეშე, იმპიჩმენტი ვერ შედგება. იმედი მაქვს, პარლამენტის არცერთი დამოუკიდებელი და რეალურად ოპოზიციონერი წევრი მხარს არ დაუჭერს პრეზიდენტის უკანონო იმპიჩმენტს.

მართალია, პროცედურა ფარული კენჭისყრით ტარდება, მაგრამ თუ ოპოზიციიდან ვინმე გაიყიდება და ქვეყნის ღალატს ხელს იმ იმედით მოაწერს, რომ მისი, როგორც ერის გამყიდველის ვინაობა არ გამჟღავნდება, ძალიან ცდება!“ – აცხადებს კახა ოქრიაშვილი.