„თუ ისინი შეასრულებენ დანაპირებს, ჩვენი პარლამენტიც შეასრულებს დაპირებას”- ერდოღანი

339
spot_img

„თურქეთის პარლამენტი შეასრულებს დაპირებას და რატიფიცირებას მოახდენს შვედეთის ნატოში გაწევრიანების საკითხზე, თუკი აშშ-ის პრეზიდენტის ჯო ბაიდენის ადმინისტრაცია ანკარას F-16 ტიპის საბრძოლო თვითმფრინავებს მიაწვდის“, – ამის შესახებ თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა განაცხადა.

ჟურნალისტებთან საუბრისას ერდოღანმა თქვა, რომ თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ჰაკან ფიდანმა და აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ანტონი ბლინკენმა განიხილეს შვედეთის განაცხადი ნატოში გაწევრიანების შესახებ.

„თუ ისინი {აშშ} შეასრულებენ დანაპირებს, ჩვენი პარლამენტიც შეასრულებს დაპირებას. თურქეთის პარლამენტი იტყვის საბოლოო სიტყვას შვედეთის ნატოში გაწევრიანებაზე“, – აცხადებს ერდოღანი.

ინფორმაციისთვის, ანკარამ შეერთებული შტატებისგან 2021 წლის ოქტომბერში მოითხოვა F-16 გამანადგურებლები.

11 ივლისს, თეთრი სახლის მრჩეველმა ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში, ჯეიკ სალივანმა თქვა, რომ კონგრესთან კონსულტაციის საფუძველზე, შეერთებული შტატები თურქეთს F-16 ტიპის საბრძოლო თვითმფრინავებს მიაწვდის.

ანკარამ შვედეთს მწვანე შუქი მხოლოდ მას შემდეგ აუნთო, რაც ვაშინგტონი საბრძოლო თვითმფრინავების შესყიდვაზე დათანხმდა.