თუ არჩევანი დამიდგება, რა თქმა უნდა, ავირჩევ ეროვნული დროშით სიარულს საქართველოში და „არას“ ვეტყვი ლგბტ დროშით სიარულს ამერიკაში -გურამ მაჭარაშვილი

14
spot_img

თუ არჩევანი დამიდგება, რა თქმა უნდა, ავირჩევ ეროვნული დროშით სიარულს საქართველოში და „არას“ ვეტყვი ლგბტ დროშით სიარულს ამერიკაში, – ამის შესახებ „ხალხის ძალის“ დეპუტატმა გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა, რითაც გამოეხმაურა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერის მეთიუ მილერის განცხადებას სანქციების შესახებ.

მაჭარაშვილის განცხადებით, თუ ვინმეს საქართველოს ისტორია არ აქვს წაკითხული, „გადახედოს და იქ ნახავენ, რომ ჩვენი წინაპრები სუვერენიტეტს არაფერზე არ ცვლიდნენ“.

„თუ არჩევანი დამიდგება, რა თქმა უნდა, ავირჩევ ეროვნული დროშით სიარულს საქართველოში და „არას“ ვეტყვი ლგბტ დროშით სიარულს ამერიკაში. ჯერ ასეთი არჩევანი არ დამდგარა. იმედი გვაქვს, რომ ამერიკა მართლა გადახედავს ურთიერთობებს და გადახედავს იმას, რომ ჩვენ მეორადი პროდუქტის სახელმწიფო კი არ ვართ, არამედ თანაბარი უფლებების სახელმწიფო ვართ. ამისი იმედი გვაქვს და ვნახოთ როგორ მოიქცევა”, – აღნიშნა მაჭარაშვილმა.

რაც შეეხება ფულადი დახმარების გაუქმებას, მაჭარაშვილმა აღნიშნა, რომ ფულადი დახმარების გაუქმება ქართველ ხალხს მაინც არ შეეხება და ამაზე ნინო ლომჯარიამ და ეკა გიგაურმა უნდა იფიქრონ.

„რაც შეეხება ფულად დახმარებას, ამაზე ლომჯარიამ და გიგაურმა იდარდოს. ეგ ფული ქართველ ხალხთან მაინც არ მიდის. იმათ ნაცვლად ჩვენ ვერ ვიდარდებთ ამერიკა დააფინანსებს თუ არა არასამთავრობო სექტორს. რაც შეეხება სანქციებს, რით ვერ გაიგეს, რომ საუბარი საქართველოს სუვერენიტეტზეა. თუ ვინმეს საქართველოს ისტორია არ აქვს წაკითხული, გადახედოს და იქ ნახავენ, რომ ჩვენი წინაპრები სუვერენიტეტს არაფერზე არ ცვლიდნენ”, – განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.

ცნობისთვის, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერმა მეთიუ მილერმა განაცხადა, რომ საქართველოსთან ურთიერთობების გადახედვა მოიაზრებს პოტენციურ სანქციებს, დახმარების რაოდენობას და სავიზო შეზღუდვებს გადახედვას.