თუ 30 მილიონს საქართველოს ჯარს გამოართმევ და ლომჯარიასა და გიგაურს გადასცემ, ეს შეიძლება შეფასდეს როგორც მხარდაჭერა იმის, რაზეც რადიკალურ ოპოზიციას ტაშ-ფანდური აქვს ატეხილი – გია ვოლსკი

20
spot_img

თუ 30 მილიონს საქართველოს ჯარში გასატარებელ ღონისძიებებს გამოართმევ და ლომჯარიასა და გიგაურს გადასცემ, რასაკვირველია, ეს შეიძლება შეფასდეს როგორც პირდაპირი მხარდაჭერა იმისა, რაზეც რადიკალურ ოპოზიციას ტაშ-ფანდური აქვს ატეხილი – სხვა რამეა, სხვა ფასეულობებია, რაზეც დღეს ჰერჩინსკი და მასთან ერთად ზუკა ბერძენიშვილი ლაპარაკობს და სხვა ფასეულობებია ის, რის გამო ჩვენ ევროკავშირისკენ მივისწრაფვით! – ამის შესახებ დღეს, პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა გია ვოლსკიმ განაცხადა.

როგორც ვოლსკიმ აღნიშნა, “არასამთავრობო სექტორის მიმართ გამჭვირვალობის მოთხოვნა არ უნდა იწვევდეს იმას, რომ ევროკავშირი და აშშ გვიწყრებოდეს“.

მისივე თქმით, ინტენსიური მუშაობა და კონსულტაციები მიმდინარეობს და შექმნილი ვითარება უახლოეს პერიოდში გამოსწორდება.

“რასაკვირველია, ჩვენ პასუხისმგებელი ვართ ყველაფერზე, მათ შორის იმ მაჩვენებლებზე, რომელიც ახლახან მსოფლიო ბანკმა გამოაქვეყნა და რომლის მიხედვით, საქართველოს ყველა მიმართულებით შესანიშნავი მონაცემები აქვს. როგორ შეიძლება, ერთი მხრივ, კარგი რეიტინგი გქონდეს, ევროკავშირის და ნატოს წევრ არაერთ ქვეყანას წინ უსწრებდე და მეორე მხრივ, დემოკრატიას აზიანებდე იმით, რომ გამჭვირვალობას ითხოვ.

პაველ ჰერჩინსკიმ სწორედ ამის თაობაზე განაცხადა, რომ პროცესი შეჩერებულია, თუმცა პროცესის შეჩერებაზე ნამდვილად ვერ დავეთანხმები. შესაძლოა, არის გარკვეული გაუგებრობები, სხვადასხვა პოზიციები პრინციპულ საკითხებთან დაკავშირებით როგორიც არის გამჭვირვალობის მოთხოვნა – დაძაბულობის რაიმე სხვა თემა, პრაქტიკულად, არ არსებობს. თუ 30 მილიონს საქართველოს ჯარში გასატარებელ ღონისძიებებს გამოართმევ და ლომჯარიასა და გიგაურს გადასცემ, რასაკვირველია, ეს შეიძლება შეფასდეს როგორც პირდაპირი მხარდაჭერა იმისა, რაზეც რადიკალურ ოპოზიციას ტაშ-ფანდური აქვთ ატეხილი.

როდესაც ევროკავშირი ასეთ განცხადებას იმის გამო აკეთებს, რომ გავბედეთ და გამჭვირვალობაზე საუბარი დავიწყეთ, არა მგონია, ეს ევროკავშირის მხარეს იმ ნიშნით ახასიათებდეს, რის გამოც ჩვენ ევროკავშირში გაერთიანება გვინდა.

30 მილიონის ასე გამოყენება, რომ მას ჯარის პროგრამებს გამოართმევ და იმ სექტორს გადასცემ, რომელსაც ამ 30 მილიონის გამჭვირვალედ დახარჯვა არ უნდა, ევროკავშირის ავტორიტეტისთვის დამაზიანებელია.

ჩვენ ვზრუნავთ იმისთვის, რომ სტაბილურობა შევინარჩუნოთ, ვზრუნავთ რათა საქართველო ომის ქარ-ცეცხლში არ გაეხვეს. ამის წინაპირობა შეიქმნება თუკი წარმატებას მოიპოვებს რადიკალიზმის პროცესი, რაც ჩვენ თბილისის ქუჩებშიც ვიხილეთ“, – განაცხადა გია ვოლსკიმ.

საქართველოში ევროკავშირის ელჩის პაველ ჰერჩინსკის განცხადებით, ევროკავშირმა 30 მილიონი ევროს დახმარება გაყინა, რომლის გადმორიცხვა ევროპული სამშვიდობო ფონდიდან (EPF) იგეგმებოდა. ჰერჩინსკის თქმით, სიტუაციის შემდგომი გაუარესების შემთხვევაში, სხვა ზომების მიღებაც განიხილება.