,,სტალინის კულტის აღზევება და ამ მოცემულობაში დამატებით ცეცხლზე ნავთის დასხმა არ მგონია სწორი”- თეონა აქუბარდია

31
spot_img

სტალინის კულტის აღზევება, რომელიც არის პუტინის რეჟიმის მთავარი ნარატივი და ამ მოცემულობაში დამატებით ცეცხლზე ნავთის დასხმა არ მგონია სწორი, მით უფრო, როდესაც ამას „ქართული ოცნება“ იყენებს ძალაუფლების შესანარჩუნებლად, – ამის შესახებ ოპოზიციონერმა დეპუტატმა, თეონა აქუბარდიამ განაცხადა.

თეონა აქუბარდიას „რესპუბლიკური პარტიის“ ერთ-ერთი ლიდერის, დავით ბერძენიშვილის განცხადების შესახებ დაუსვეს კითხვა.

„პირადად მე არ ვაპირებ არანაირი განცხადების შეფასებას, როდესაც საუბარია საპატრიარქოზე ან საპატრიარქოს ნაწილის პოზიციაზე. ჩემი პირადი პოზიციაა, რომ არ შეიძლება, საარჩევნოდ ეკლესიას ამოეფაროს „ქართული ოცნება“ და დაყოს მოქალაქეები იმ ფორმით, რა ფორმითაც ამას შალვა პაპუაშვილი აკეთებს. არ არის მისაღები სტალინი მართლმადიდებლურ, ქართულ ეკლესიაში, რადგან სტალინმა ყველაფერი გააკეთა როგორც რწმენის, ისე სახელმწიფოებრიობის დასასამარებლად. ამ მოცემულობაში, ვფიქრობ, რომ საპატრიარქოს პოზიცია იყო ძალიან ჯანსაღი, როდესაც განაცხადა, რომ არ მომხდარა შეხვედრა მატრონასა და სტალინს შორის და დაავალა ხატმწერს ამ ხატის გადახატვა. ის, რომ რუსეთი, ზოგადად, ცდილობს სტალინის კულტის აღზევებას და ამის გამოყენებას საკუთარი იმპერიალისტური დღის წესრიგით, არახალია, ისევე, როგორც ის ცდილობს, მათ შორის, ძველი კავშირების გამოყენებას მართლმადიდებლურ ეკლესიებში. ამ კუთხით ძალიან საინტერესოა ჩეხეთის მაგალითი. შესაბამისად, მე არ მგონია, რომ რელიგიური ომები არის სწორი წინასაარჩევნო პერიოდში, არ მგონია, რომ მოქალაქეები უნდა დავყოთ დამატებით ამ კუთხით. ვფიქრობ, მთელი ეს ნარატივები, ეკლესიის უკან ამოფარების მცდელობა და ანტიეკლესიურობის ძახილი, არის „ქართული ოცნების“ დამატებითი პიარსტრატეგია ძალაუფლების შესანარჩუნებლად. არ მგონია, რომ რელიგიური ომები იმ ფორმით, რა ფორმითაც დღეს ჩვენ ვხედავთ, არის საქართველოს გაცხადებული ეროვნული ინტერესების შესაბამისი. ჩვენ გვყავს მტერი – რუსეთი, რომელიც აგრძელებს ჩვენი ტერიტორიების მიტაცებას, მოქალაქეების მკვლელობას. ამ მოცემულობაში სტალინის ფიგურის ამ ფორმით გამოჩენაც შეესაბამება რუსეთის იმ ინტერესს, რომელსაც ვხედავთ დღეს, მათ შორის, საქართველოში. სტალინის კულტის აღზევება, რომელიც არის პუტინის რეჟიმის მთავარი ნარატივი და ამ მოცემულობაში დამატებით ცეცხლზე ნავთის დასხმა არ მგონია სწორი, მით უფრო, როდესაც ამას „ქართული ოცნება“ ძალიან ბინძურად იყენებს ძალაუფლების შესანარჩუნებლად“, – აღნიშნა თეონა აქუბარდიამ.

„რესპუბლიკური პარტიის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, დავით ბერძენიშვილმა „ტვ პირველის“ ეთერში განაცხადა: „მარტო მატრონას ხატს და რუსულ ნარატივს კი არ იცავენ, სტალინს იცავენ, სტალინისტებითაა გაძეძგილი საქართველოს საპატრიარქო, პატრიარქის თამადობით“.