თენგიზ ცერცვაძე პანდემიის გაუქმებასთან დაკავშირებით პოსტს აქვეყნებს

1063
spot_img

COVID-19-ის პანდემია 21-ე საუკუნის ყველაზე სერიოზული გამოწვევაა, რომელმაც 7 მილიონამდე ადამიანის სიცოცხლე იმსვერპლა და სერიოზული პრობლემები შეუქმნა მთელი მსოფლიოს მოსახლეობის სიცოცხლეს, ცხოვრების ხარისხს და ქვეყნების ეკონომიკას.

ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციამ COVID-19-ის გლობალურ პანდემიად გამოცხადების დღიდან (2020 წლის 11 მარტი) 1151 დღის შემდეგ ა.წ. 5 მაისს დასრულებულად გამოაცხადა COVID-19-თან დაკავშირებული საერთაშორისო საგანგებო მდგომარეობა. თუმცა აღნიშნა, რომ COVID-19 რჩება გლობალური ჯანდაცვის მიმდინარე პრობლემად. ეს იმას ნიშნავს, რომ COVID-19 გლობალური ჯანრმთელობისთვის აღარ წარმოადგენს კრიტიკულ და საგანგებო საფრთხეს და ქვეყნებს შეუძლიათ COVID-19-ის საგანგებო მართვიდან გადაეწყონ და COVID მართონ ისე, როგორც მართავენ სხვა ინფექციურ დაავადებებს. ამავე დროს ჯანმო-მ აღნიშნა, რომ COVID არ დასრულებულა და მხოლოდ გასულ კვირას მსოფლიოში COVID-19-ის გამო ყოველ 3 წუთში 1 ადამიანი კვდებოდა და ეს მხოლოდ იმ მონაცემებით, რაც ვიცით. ეს ვირუსი ჯერ არსად წასულა, ის ჯერაც კლავს და ჯერაც იცვლება, რის გამოც არსებობს ახალი ვარიანტების გაჩენის რისკი. ამასთან ჯანმო აპირებს მიიღოს უპრეცედენტო გადაწყვეტილება და შექმნას კომიტეტი, რომელიც ქვეყნებისთვის COVID-19-ის მართვის გრძელვადიან წესებს შექმნის.

როგორც ადრე ვწერდით, საქართველო იყო ერთ-ერთი პირველი ქვეყანა მსოფლიოში, რომელმაც ჯერ კიდევ ერთი წლის წინ, 2022 წლის მაისიდან COVID ფატალური დაავადებიდან გადააქცია რიგით რესპირაციულ ინფექციად, რაც ნიშნავს, რომ COVID-ით გამოწვეული სიკვდილობა და მისი ნეგატიური გავლენა ადამიანის ცხოვრების ხარისხსა და ეკონომიკაზე, პრაქტიკულად არ აღემატება, ან მხოლოდ ცოტათი აღემატება სხვა რესპირაციული ინფექციებით, მაგალითად გრიპით და სხვა ე.წ. სეზონური ინფექციებით გამოწვეულ შესაბამის მაჩვენებლებს, კერძოდ: საქართველოში ბოლო 1 წლის მანძილზე (2022 წლის მაისიდან) COVID გარდაცვალების შემთხვევები რჩებოდა მინიმალურ ნიშნულზე და ყოველ 1 მილიონ მოსახლეზე გადაანგარიშებით იყო ბევრად ნაკლები, ვიდრე ამერიკის, ევროპის და დანარჩენი მსოფლისო უმეტეს ქვეყნებში, მათ შორის ისეთებშიც (აშშ, გერმანია, სკანდინავიის ქვეყნები, იაპონია, სამხრეთ კორეა, ავსტრალია, ისრაელი და სხვ.), რომლებიც სანიმუშოდ ითვლებოდნენ COVID-ის მართვაში. ყოველივე ამას მივაღწიეთ ქვეყნის და ჯანდაცვის სამინისტროს ხელმძღვანელობის მიერ დროული და ეფექტიანი საპასუხო ზომების გატარებით, ექიმების (მათ შორის ოჯახის ექიმების), ექთნების და საზოგადოებრივი ჯანდაცვის მუშაკების მაღალი პროფესიონალიზმით და გმირული შრომით, ხშირად საკუთარი ჯანმრთელობის და სიცოცხლის ფასად. ამის გაკეთება ადვილი არ იყო. საქართველოში, ბევრი სხვა ქვეყნისგან განსხვავებით, COVID-ის პიკის პერიოდებშიც კი, როდესაც დღეში გვქონდა 25 ათასზე მეტი აქტიური COVID შემთხვევა და გვყავდა 8000-მდე სტაციონარული ავადმყოფი, არცერთი ავადმყოფი არ დარჩენილა ექიმისა და სრულფასოვანი სამედიცინო მომსახურების გარეშე. უკლებლივ ყველა, ვისაც სჭირდებოდა ჰოსპიტალიზაცია, იყო ჰოსპიტალიზებული. ყველაზე კრიტიკულ პერიოდებშიც კი ჰოსპტალიზაციის დაყოვნება არ აღემატებოდა რამოდენიმე საათს ან იშვიათად, 1-2 დღეს. არცერთხელ არ დაფიქსირებულა საწოლების, მათ შორის რეანიმაციული საწოლების, მედიკამენტების, სუნთქვის აპარატების, ჟანგბადის და სხვ. დეფიციტი. ამას ყოველთვის ვერ ახერხებდნენ სხვა, მათ შორის ყველაზე განვითარებული ქვეყნებიც კი. ჩვენთან არასოდეს მომხდარა ავადმყოფების პრიორიტიზება, პრაქტიკულად არ ყოფილა სასწრაფო დახმარების მანქანებში გარდაცვალების შემთხვევები და მინიმალური იყო ბინაზე გარდაცვალება, ისიც მაშინ, როცა ავადმყოფი თავად აცხადებდა კატეგორიულ უარს ჰოსპიპტალიზაციაზე. საქართველომ ერთ-ერთმა პირველმა დანერგა COVID-ის მკურნალობის (მათ შორის პროაქტიური მკურნალობის) უახლესი და ყველაზე ეფექტიანი მეთოდები და მიდგომები (რემდესივირი, პაქსლოვიდი, ტოცილიზუმაბი, მონოკლონური ანტისხეულები, ბარიციტინიბი, კორტიკოსტეროიდები, ჟანგბადის მიწოდება მაღალი ნაკადით, სისხლის ექსტრაკორპორული გაწმენდა სპეციალური ფილტრების/სორბენტების გამოყენებით, ავადმყოფების მართვა მულტიდისციპლინური გუნდის მიერ და სხვ.). მნიშვნელოვანი და ძალიან ეფექტიანი ინოვაცია იყო ე.წ. COVID სასტუმროები. რა თქმა უნდა, იყო სერიოზული სიძნელეებიც და გამოწვევებიც, რომელთა წარმატებით დაძლევა ყოველთვის ვერ ხერხდებოდა. ასე მაგალითად: საქართველოში, ევროპის და სხვა განვითარებულ ქვეყნებთან შედარებით, დაბალი იყო მოსახლეობის COVID ვაქცინაციით მოცვა და ეს მიუხედავად იმისა, რომ ვაქცინაციისათვის სახელმწიფოს მიერ მოსახლეობისთვის შექმნილი იყო ოპტიმალური პირობები, როგორც ხელმისაწვდომობის, ისე ვაქცინების ხარისხის თვალსაზრისით. სამწუხაროდ, ზოგიერთი ექიმიც ღიად ან ფარულად ნეგატიურად იყო განწყობილი ვაქცინაციის მიმართ. ძალიან დაბალი იყო პირბადეების გამოყენება, მათ შორის საზოგადოებრივი შეკრების ადგილებსა და ხალხმრავალი შეკრებების დროს. ყოველივე ამან განაპირობა ქვეყანაში COVID შემთხვევების მაღალი რიცხვი (1 მილიონ 840 ათასზე მეტი) და 17 ათასზე მეტი გარდაცვალება. თუმცა COVID-ის კლინიკური მართვის ძირითადი ინდიკატორი – ყველა დადასტურებულ შემთხვევას შორის გარდაცვალების მაჩვენებელი – ე.წ. CFR (case fatality rate) საქართველოს მსოფლიოს 112 ქვეყანაზე დაბალი (ანუ უკეთესი) აქვს (0.93%). რაც იმას ნიშნავს, რომ ყოველი 100 დადასტურებული COVID შემთხვევიდან მხოლოდ 1-ზე ნაკლები მთავრდებოდა ფატალურად. პრობლემა იყო აგრეთვე პაციენტების დაგვიანებული მომართვიანობა და მკურნალობაზე არასაკმარისი დამყოლობა, რასაც ხელს უწყობდა ისიც, რომ ექიმების ნაწილი სამწუხაროდ, თავისი არაკომპეტენტურობის, თუ სხვა მიზეზების გამო არ უჭერდა მხარს COVID ავადმყოფების პროაქტიურ მკურნალობას თანამედროვე მედიკამენტებით (რემდესივირი, ტოცილიზუმაბი, მონოკლონური ანტისხეულები და სხვ.) და რომ არა ყველაფერი ეს, გამოსავლები კიდევ უფრო უკეთესი იქნებოდა.

როგორი უნდა იყოს ჩვენი ტაქტიკა სადღეისოდ:

როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, საქართველოში ბოლო 1 წლის მანძილზე ძალიან კარგი და სტაბილური COVID სიტუაციაა. COVID რეგულაციები მოხსნილია. თუმცა რისკები რჩება. ქვეყანაში COVID სიტუაციის გაუარესების პრევენციისა და შესაძლო არასახარბიელო გამოსავლების თავიდან ასაცილებლად გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს, რომ მინიმუმამდე იქნეს დაყვანილი COVID-ის გვიანი დიაგნოსტიკის და დაგვიანებული მომართვიანობის შემთხვევები. ამიტომ კიდევ ერთხელ დაბეჯითებით მოვუწოდებ მოსახლეობას, რესპირაციული ინფექციების პირველივე სიმპტომების გამოვლენისთანავე ყველამ ჩაიტაროს COVID ტესტირება, რაც შეიძლება ადრე (სასურველია პირველივე დღეს) და COVID დიაგნოზის დადასტურების შემთხვევაში დაუყოვნებლივ მიმართოს ოჯახის ექიმს და ზედმიწევნით შეასრულოს მისი რეკომენდაციები, მათ შორის დროულ ჰოსპიტალიზაციასთან (ვისაც ეს სჭირდება) დაკავშირებით. ასევე დაბეჯითებით ვთხოვ ოჯახის და კლინიკების ექიმებს ყველა ამბულატორიულ, თუ სტაციონარულ COVID ავადმყოფთან სათანადო ჩვენების შემთხვევაში (60 წელზე მეტი ასაკი, თანხმლები ქრონიკული დაავადებები და სხვ.) აუცილებლად გამოიყენონ ანტივირუსული მედიკამენტები: პაქსლოვიდი ან რემდესივირი, რომლებიც ძალიან მაღალი პროცენტით (90%-მდე) ამცირებენ დაავადების დამძიმების და მითუმეტეს ფატალური გამოსავლის ალბათობას. ამას ასეთი ხაზგასმით იმიტომ აღვნიშნავ, რომ სამწუხაროდ, ჯერ კიდევ გვხვდება შემთხვევები, როდესაც ოჯახის ან კლინიკის ექიმები, სათანადო ჩვენებების არსებობის შემთხვაშიც კი სრულიად გაუმართლებლად თავს იკავებენ პაქსლოვიდის ან რემდესივირის გამოყენებისგან, რითაც იზრდება COVID პაციენტების დამძიმების და არასახარბიელო გამოსავლის რისკები.