თბილისში მიწის სისტემური რეგისტრაციის პროცესი დაიწყო

92
spot_img

თბილისში მიწის სისტემური რეგისტრაციის პროცესი იწყება. ამის შესახებ დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ საზოგადოებას იუსტიციის მინისტრ რატი ბრეგაძესთან ერთად ამცნო.

ევროპის მოედანზე მიმდინარე ღონისძიებაზე მხარეებმა თბილისის მუნიციპალიტეტთან დაკავშირებულ კონკრეტულ დეტალებსა და პროექტის განხორციელების გრაფიკზე ისაუბრეს.

დედაქალაქის მერის, კახა კალაძის განცხადებით, თბილისში მწვავე პრობლემა იყო მიწების მიზანმიმართული მიტაცება, გარდა ამისა, მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არის ბევრი ნაკვეთი, რომელზეც საკუთრების უფლების დადგენა აღემატება მუნიციპალიტეტის ტერიტორიას. მისივე თქმით, აღნიშნულ პრობლემებს მიწის სისტემური რეგისტრაციის რეფორმა გადაჭრის.

„მას შემდეგ, რაც დედაქალაქის მერად ამირჩიეს, ბევრ სხვა გამოწვევასთან ერთად, მე და ჩემი გუნდი არაერთხელ შევეჯახეთ ისეთ პრობლემებს, როგორიც არის მაგალითად, უკანონოდ დაკავებულ სახელმწიფო და მუნიციპალურ მიწებზე გარკვეული მშენებლობები და აღნიშნული მიწების მიზანმიმართული მიტაცება. ყოველ ჯერზე, კანონის აღსრულებას მოსდევდა აჟიოტაჟი, რომ თითქოს დედაქალაქის მერია მოქალაქეებს ართმევდა და უნგრევდა საცხოვრებლებს. არადა, ყველამ კარგად დაინახა, რომ ასეთი ფაქტების უკან იდგნენ კონკრეტული ადამიანები, რომლებიც ამით სარგებლობდნენ. ჩვენ არავის მივცემთ შესაძლებლობას, რომ მიიტაცონ სახელლწიფო და მუნიციპალური მიწები.

ჩვენ ვართ ის ხელისუფლება და ის მთავრობა, რომელმაც მოახერხა და 2000-ზე მეტ ოჯახს დაუკანონა საცხოვრებელი ფართები. დღეს, ეს ადამიანები არ ცხოვრობენ შიშის ქვეშ, რომ ხვალ ვინმე გამოასახლებს.

ჩვენ ვართ ის ადამიანები, რომლებმაც მოვახერხეთ მშენებლობებით დაზარალებულების დაკმაყოფილება. მინდა გავიხსენო „სვეტი“, „ცენტრ პოინტი“, „ოლიმპიური ვარსკვლავი“ – ამ კომპანიების მშენებლობებით დაზარალებული ოჯახები დაკმაყოფილდნენ, ათასობით ოჯახი გავაბედნიერეთ.

ჩვენ ვართ ის ადამიანები, რომლებმაც შევძელით კოოპერატიული ბინათმშენებლობებით დაზარალებული ოჯახების დაკმაყოფილება და არ დარჩება არცერთი ადამიანი, ვისაც აღნიშნული პრობლემა აწუხებს. ამის მიუხედავად, დედაქალაქში არის ძალიან ბევრი მიწის ნაკვეთი, რომელზეც საკუთრების უფლების დადგენა აღემატება მუნიციპალიტეტის უფლებამოსილებას და დღემდე რჩებოდა ერთ-ერთ მწვავე პრობლემად. შესაბამისად, რამდენიმე თვის წინ, თბილისის მერიასა და იუსტიციის სამინისტროს შორის გაფორმდა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი, რომელიც ითვალისწინებს მიწის სისტემური რეგისტრაციის პროცესში თბილისის მუნიციპალიტეტის ჩართვას“, – განაცხადა კახა კალაძემ.

დედაქალაქის მერმა თანამშრომლობისთვის მადლობა გადაუხადა იუსტიციის სამინისტროს თითოეულ თანამშრომელს და პირადად მინისტრს, რატი ბრეგაძეს.

როგორც ირკვევა, შერჩეულ არეალებში პროექტი შეეხება დაახლოებით 27 684 მიწის ნაკვეთს. დედაქალაქში პროექტის ფინანსურ მხარდაჭერას სრულად უზრუნველყოფს თბილისის მუნიციპალიტეტი.

„მოგეხსენებათ, ამ რეფორმის ფარგლებში სრულებით უფასოდ აიზომება  და დარეგისტრირდება კერძო, სახელმწიფო და მუნიციპალურ  საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთები. აღსანიშნავია, რომ სისტემური რეგისტრაციის ფარგლებში რეგისტრირდება როგორც საკუთრებაში ან სარგებლობაში (მფლობელობაში) არსებული, ასევე თვითნებურად დაკავებული მიწის ნაკვეთები, თუმცა აქ გასათვალისწინებელია გარკვეული წინაპირობები, რის შესახებაც მოქალაქეები იქნებიან ინფორმირებული.

ამ პროცესში ერთვება თბილისის მუნიციპალიტეტი და მიწის ნაკვეთების რეგისტრაცია დაიწყება ახალდაბაში, ბეთანიაში, კვესეთში, კიკეთსა და საღორისში. დეკემბერში ამ პროცესში ჩაერთვება წყნეთი, ხოლო 2024 წლის თებერვალში – კოჯორი, აპრილში – ტაბახმელა, შინდისი და წავკისი, ივლისში – ძველი ვეძისი, დიდგორი და დიღომი. მიწის სისტემური რეგისტრაცია განხორციელდება ზემოხსენებული დასახლებების გარკვეულ არეალებში.

რეფორმის შედეგად დაცული იქნება როგორც მოქალაქეების, ასევე მუნიციპალიტეტის ინტერესები, შეიქმნება უძრავი ქონების შესახებ სრულყოფილი უფლებრივი და საკადასტრო მონაცემები და ხელი შეეწყობა უძრავი ქონების ბაზრის განვითარებას. მინდა მივულოცო ყველა იმ მოქალაქეს, ვინც მოგვმართავდა და ამ მიმართულებით სიახლეს ელოდა. იუსტიციის სამინისტროსა და თბილისის მერიის კოორდინირებული ქმედებებით, მომავალ წელს თბილისში ეს საკითხი ერთხელ და სამუდამოდ იქნება მოგვარებული“, – აღნშნა კახა კალაძემ.

იმისთვის, რომ მოქალაქემ გაიგოს, არის თუ არა რეფორმის მონაწილე, უნდა ეწვიოს პლატფორმას – MAPS.GOV.GE და გადაამოწმოს მონაცემები.

სისტემური რეგისტრაციის ფარგლებში, თვითნებურად დაკავებულ მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების რეგისტრაცია შესაძლებელია, თუ მიწის ნაკვეთი მოქალაქეს 2007 წლის 20 სექტემბრამდე თვითნებურად აქვს დაკავებული და მას სისტემური რეგისტრაციის ფარგლებში მიწის ნაკვეთის ადგილზე დათვალიერების ოქმის  შედგენის მომენტისთვის ფლობს, ხოლო მიწის ნაკვეთზე განთავსებულია საცხოვრებელი სახლი (აშენებული, მშენებარე ან დანგრეული) ან არასაცხოვრებელი დანიშნულების შენობა (აშენებული, მშენებარე ან დანგრეული). ასევე, იმ შემთხვევაში, თუ მიწის ნაკვეთი პირის საკუთრებაში ან მართლზომიერ მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთის მომიჯნავეა და/ან მიწის ნაკვეთი სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების სათიბი, სახნავი (მრავალწლიანი ნარგავებით დაკავებული, საბაღე, საბოსტნე) ან საკარმიდამო კატეგორიისაა. ამ შემთხვევაში დასაშვებია მასზე შენობა-ნაგებობა განთავსებული არ იყოს, ან საკუთრებაში/მართლზომიერ მფლობელობაში არსებულ მიწის ნაკვეთს არ ემიჯნებოდეს. თვითნებურად დაკავებული მიწის ნაკვეთების ჯამური ფართობი ბარში არ აღემატება 1.25 ჰექტარს, ხოლო მაღალმთიან დასახლებაში − 5 ჰექტარს.

მიწის სისტემური რეგისტრაცია თბილისში ეხება მიწის ნაკვეთების მფლობელებს, რომელთაც არ აქვთ რეგისტრირებული საკუთრების უფლება.

თბილისის მერიის ინიციატივით განისაზღვრა მიწის სისტემური რეგისტრაციის არეალები. აღნიშნულ პროცესში თავდაპირველად ერთვება ახალდაბა, ბეთანია, კვესეთი, კიკეთი და საღორისი, დეკემბრიდან – წყნეთი, მომავალი წლის თებერვალში – კოჯორი, აპრილში – ტაბახმელა, შინდისი, წავკისი, ივლისში – ძველი ვეძისი, დიდგორი და დიღომი.

მიწის სისტემური რეგისტრაცია მთელი ქვეყნის მასშტაბით 2022 წლის პირველი იანვრიდან დაიწყო. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ – საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო 2022 – 2024 წლებში საქართველოს ყველა მუნიციპალიტეტში (გარდა ოკუპირებული ტერიტორიებისა და თვითმმართველი ქალაქებისა) სისტემური წესით ეტაპობრივად ზომავს და კერძო, სახელმწიფო ან მუნიციპალურ  საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთებს სრულიად უფასოდ არეგისტრირებს.

სისტემური რეგისტრაცია არის პროცესი, რომლის დროსაც სახელმწიფო საკუთარი ინიციატივით,  სისტემური წესით, ზომავს მიწის ნაკვეთებს კონკრეტულ არეალებზე, იძიებს შესაბამის დოკუმენტაციას და არეგისტრირებს საკუთრებას.

იმ მოქალაქეებისათვის, რომლებიც რეფორმის დაწყებამდე ვერ არეგისტრირებდნენ მიწის ნაკვეთს დოკუმენტაციის არქონის ან/და ხარვეზიანი დოკუმენტების, სამეზობლო დავის, აზომვითი ნახაზისთვის საჭირო საფასურის არქონის ან სხვა დაბრკოლების გამო, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო თავად ასრულებს ყველა იმ პროცედურას, რომელიც საჭიროა ნაკვეთის რეგისტრაციისთვის  და მათ სხვადასხვა სახელმწიფო უწყებაში სიარული და დამატებითი ხარჯის გაწევა აღარ უწევთ.