თბილისში მდებარე კრიპტო ვალუტის გადამცვლელ ოფისში მომხდარ თავდასხმასთან დაკავშირებით კომპანია განცხადებას ავრცელებს

105
spot_img

თბილისში მდებარე კრიპტო ვალუტის გადამცვლელ ოფისში მომხდარ თავდასხმასთან დაკავშირებით კომპანია TONWEX განცხადებას ავრცელებს.

როგორც კომპანიის ინფორმაციაშია აღნიშნული, ისინი იმ პირებს, რომლებიც მომხდარ ყაჩაღობაში არიან ბრალდებულები, არ იცნობენ. ამასთან, კომპანია აცხადებს, რომ ისინი სამართალდამცავ უწყებებთან აქტიურად თანამშრომლობენ და ამ დანაშაულის გამოსაძიებლად მათ საჭირო მონაცემებსა და ინფორმაციას აწვდიან.

„საზოგადოების მაღალი ინტერესიდან გამომდინარე, კომპანია TONWEX, თავის მხრივ, მნიშვნელოვნად მიიჩნევს მედიაში გავრცელებული ინფორმაციის დაზუსტებასა და კორექტირებას.

სხვადასხვა მედიაში გამოქვეყნებულ მასალებში არის უზუსტობები და მცდარი ფაქტები, შესაბამისად, ჩვენი მიზანია ნათელი მოვფინოთ მიმდინარე სიტუაციას.

კომპანია TONWEX არის კანონმორჩილი ორგანიზაცია და მკაცრად იცავს საქართველოში მოქმედ ყველა კანონსა და რეგულაციას. ჩვენ ყოველთვის დიდ მნიშვნელობას ვანიჭებდით ჩვენი საქმიანობის კანონიერებისა და სანდოობის შენარჩუნებას, ასევე ჩვენი კლიენტების უსაფრთხოების უზრუნველყოფას.

კომპანია TONWEX ოპერირებს კრიპტო სერვისების სფეროში, უზრუნველყოფს კრიპტოვალუტის აქტივების გაცვლის სერვისებს. მისი საქმიანობა დაკავშირებულია თანამედროვე ეკონომიკისა და ფინანსური სექტორის მნიშვნელოვან ნაწილთან, ვქმნით სამუშაო ადგილებს საქართველოში და ვიხდით გადასახადებს. ჩვენ ვმუშაობთ კლიენტებთან და პარტნიორებთან, რათა დავეხმაროთ მათ მართონ ვირტუალური აქტივები უსაფრთხოდ და ეფექტურად.

უახლოეს მომავალში, საქართველოში ჩვენი საგანმანათლებლო პროექტის დაწყებას ვგეგმავთ ვირტუალური აქტივების სფეროში, რაც საშუალებას მისცემს კლიენტებს კიდევ უფრო ინფორმირებულები იყვნენ კრიპტო სამყაროს უახლეს ტრენდებზე.

დამატებით განგიმარტავთ, რომ კომპანია აქტიურად მუშაობს ვირტუალური აქტივების სერვისის პროვაიდერის (VASP) ლიცენზიის მოსაპოვებლად, რისთვისაც შესაბამისი განცხადებით უკვე მივმართეთ საქართველოს ეროვნულ ბანკს.

ცალსახად ვაფიქსირებთ, რომ ჩვენ არანაირი კავშირი არ გვაქვს ხელისუფლების წარმომადგენლებთან, მედიის პუბლიკაციებში გამოცხადებულ პირებთან, ჩვენ არ ვიცნობთ იმ პირებს, რომლებიც ახლა ბრალდებულნი არიან 30 ოქტომბერს მომხდარ ყაჩაღობაში.

ჩვენ ვმუშაობთ დამოუკიდებლად და არ ვართ დაკავშირებული არცერთ სამთავრობო უწყებასთან, ადგილობრივ თუ საერთაშორისო დონეზე. ჩვენ ყოველთვის ვინარჩუნებდით ჩვენს დამოუკიდებლობას და გამჭვირვალობას. ნებისმიერი განცხადება ჩვენი კომპანიის ხელისუფლების წარმომადგენლებთან კავშირების შესახებ სრულიად უსაფუძვლოა.

ხაზგასმით უნდა აღინიშნოს, რომ კომპანია აქტიურად თანამშრომლობს სამართალდამცავ უწყებებთან და აწვდის მათ საჭირო მონაცემებსა და ინფორმაციას ამ დანაშაულის გამოსაძიებლად და ამ ინციდენტის ოპერატიულად მოსაგვარებლად, ყველა დაზარალებულის დარღვეული უფლებების აღდგენის მიზნით.

ყველას გვინდა შევახსენოთ, რომ ჩვენ ვიყავით შეიარაღებული ყაჩაღობის ერთ-ერთი მსხვერპლი. თუმცა, დარწმუნებულნი ვართ, რომ ეს დანაშაული არ დარჩება გაუხსნელი და სამართალდამცავ უწყებებთან კანონის ფარგლებში კარგად კოორდინირებული ურთიერთქმედებით მივაღწევთ სამართლიანობას.

მადლობა გვინდა გადავუხადოთ პროკურატურას და პოლიციას, რომლებიც ამ რთულ ვითარებაში ოპერატიულად გაერკვენენ და ჩაატარეს შესაბამისი საგამოძიებო მოქმედებეები. დარწმუნებულები ვართ, უახლოეს მომავალში ჩატარდება ყველა მომხდარი სრულად იქნება გამოძიებული და ყველა დამნაშავე აუცილებლად დაისჯება კანონის შესაბამისად.

სამწუხაროდ, კომპანია TONWEX გახდა დანაშაულის მსხვერპლი, რაც უარყოფითად აისახება არა მხოლოდ ჩვენს ბიზნესზე, არამედ მთლიანად სფეროზე. თუმცა, ჩვენ დარწმუნებულნი ვართ, რომ ჩვენი, როგორც სანდო და კანონმორჩილი საწარმოს სტატუსი საქართველოს კრიპტოვალუტის ბაზარზე, არა მხოლოდ გაძლიერდება, არამედ კვლავაც იქნება ჩვენი ინდუსტრიის კანონებთან და სტანდარტებთან შესაბამისობის ნათელი მაგალითი.

ჩვენ გვჯერა, რომ გულწრფელობა და გამჭვირვალობა რჩება ჩვენი ბიზნესის ძირითად პრინციპებად და ჩვენ ვიმუშავებთ იმისთვის, რომ შევინარჩუნოთ ნდობა და რეპუტაცია, რომელიც დავიმსახურეთ სამეწარმეო საქმიანობის მანძილზე.

ჩვენი მიზანია გავაგრძელოთ მაღალი ხარისხის სერვისების მიწოდება კრიპტო სერვისების ინდუსტრიაში და დავამტკიცოთ, რომ ბიზნესს, რომელიც იცავს კანონს, შეუძლია გაუმკლავდეს ნებისმიერ გამოწვევას და შეინარჩუნოს საიმედოობა ყველაზე რთულ ვითარებაშიც კი”, – ნათქვამია განცხადებაში.

ცნობისთვის, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 2023 წლის 30 ოქტომბერს, ქალაქ თბილისში მდებარე კრიპტო ვალუტის გადამცვლელ ოფისში, ბრალდებულები, სხვა პირებთან ერთად, ჯგუფურად, სიცოცხლისთვის საშიში ძალადობის გამოყენების მუქარით, ცეცხლსასროლი იარაღის დემონსტრირებით, თავს დაესხნენ აღნიშნულ ოფისში მყოფ პირებს და მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით დაეუფლნენ ოფისის და იქ მყოფი მომხმარებლების კუთვნილ დიდი ოდენობით თანხას – 810 300 ამერიკული დოლარის, 110 ევროს და 6500 ლარის ოდენობით.