თბილისში, ერთ-ერთ საშაურმეს საწარმოო პროცესი შეუჩერდა – მიზეზი სალმონელოზის დადასტურებული შემთხვევაა

27
spot_img

თბილისში, წერეთლის გამზირზე მდებარე საშაურმე OK-ს საწარმოო პროცესი შეუჩერდა – მიზეზი სალმონელოზის დადასტურებული შემთხვევაა. ინფორმაციას სურსათის ეროვნული სააგენტო ავრცელებს.

„სურსათის ეროვნულმა სააგენტომ თბილისის გადამდებ დაავადებათა ეპიდზედამხედველობისა და კონტროლის მუნიციპალური ცენტრიდან მიიღო შეტყობინება სალმონელოზის დადასტურებული შემთხვევის შესახებ. ეპიდანამნეზის თანახმად, პაციენტს საკვებად მიღებული აქვს შაურმა, რომელიც შეიძინა საშაურმე „OK“-ში (წერეთლის გამზირი 22).

ინფორმაციის მიღებისთანავე, სურსათის ეროვნული სააგენტოს თბილისის საქალაქო სამსახურის უფლებამოსილმა პირებმა საშაურმეში (შპს „მადლი“ – საშაურმე “OK”, ს/კ 404581877) სახელმწიფო კონტროლი – არაგეგმური ინსპექტირება განახორციელეს და აიღეს სურსათის ნიმუშები (შაურმა ღორის ხორცით, შაურმისთვის განკუთვნილი შემწვარი ღორის ხორცი, სალათის ფოთოლი, ქათმის ბარკალი და გაყინული ღორის ხორცი).

ლაბორატორიული კვლევის შედეგად შაურმასა და შაურმისთვის განკუთვნილ შემწვარ ღორის ხორცში აღმოჩენილია პათოგენური მიკროორგანიზმი – Salmonella, ასევე Proteus spp (პროტეუსის ბაქტერია), კოლიფორმები, აერობული მიკროორგანიზმები და ობის სოკოები.

შპს „მადლს“ კრიტიკული შეუსაბამობების გამო შეუჩერდა საწარმოო პროცესი და დაჯარიმდა კანონმდებლობის შესაბამისად; ასევე დაევალა გენერალური რეცხვა-დეზინფექციის ჩატარება, ინვენტარის ზედაპირებიდან ნიმუშების აღება და მომსახურე პერსონალის ჯანმრთელობის მდგომარეობის გამოკვლევა“,- ნათქვამია ინფორმაციაში.