” თბილისსა და ბუდაპეშტს კარდინალურად განსხვავებული პოლიტიკური ინტერესები გვამოძრავებს”-გიორგი კობერიძე

209
spot_img
“მცირე განმარტება მინდა გავაკეთო უნგრეთის პრემიერის, ვიქტორ ორბანის საგარეო პოლიტიკით დაინტერესებულთათვის და თუ რა კავშირი აქვს მას უკრაინასთან,”- წერს სოციალურ ქსელში საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალისტი, ჯიპას პროფესორი, გიორგი კობერიძე.
“პირველი და მეორე მსოფლიო ომის შემდეგ უნგრეთი ტერიტორიებს კარგავს. უნგრეთისათვის განსაკუთრებით მტკივნეული ტრიანონის ზავი გამოდგა, რის შემდეგაც უნგრეთმა საკუთარი ტერიტორიების 72% დაკარგა – მათ შორის ადრიატიკის ზღვაზე გასასვლელი. ეს 1919 წელს მოხდა. მას შემდეგ უნგრეთი პერიოდულად მისდევს რევიზიონისტულ პოლიტიკას და ცდილობს არსებული საზღვრების გადახედვის იდეა დღის წესრიგიდან სრულად არ მოხსნას. მაგრამ თუკი ბუდაპეშტი 1919 წლამდე ტერიტორიებზე დავას წამოიწყებს ერთდროულად მოუწევს დავა რუმინეთთან, ავსტრიასთან, ხორვატიასთან, სლოვენიასთან, სლოვაკეთთან, უკრაინასთან, სერბეთთან და პოლონეთთან. მარტივად რომ ვთქვათ – ყველა მეზობელთან (პოლონეთს აღარ ესაზღვრება).
უნგრეთის პოლიტიკური დღის წესრიგიდან ტერიტორიული დავები მოხსნილი იყო მანამ, სანამ პოლიტიკურ ასპარეზზე ისეთი ძალები არ გამოჩნდნენ როგორიც სახელისუფლებო პარტია ფიდეზი/Fidesz და რადიკალური ძალა იობიკია/Jobbik. საინტერესოა, რომ ორბანის პარტია ფიდეზი/Fidesz თავდაპირველად ლიბერალური იყო. იმდენად ლიბერალურიც კი რომ ორბანი ლიბერალური ინტერნაციონალის ლიდერად გახლდათ წარმოდგენილი ხოლო პარტია ინტერნაციონალის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული წევრი იყო. ორბანმა განსაკუთრებული ცნობადობა იმით მოიპოვა, რომ საბჭოთა ტანკების წინ დადგა, შემდეგ მიკროფონი აიღო და საბჭოთა ძალებს ქვეყნის დატოვება მოსთხოვა – და მან ეს გააკეთა ასიათასობით ადამიანის თვალწინ. ამის გამო შეიძლება დაეხვრიტათ იგი.
თუმცა 2000-ანი წლების მეორე ნახევარში უნგრეთის პოლიტიკურ სისტემაში ექსპანსიონიზმისა და დიდი უნგრეთის იდეა დაბრუნდა. ორბანიც, რომელიც 2009-2015 წლამდე აქტიურად უჭერდა მხარს ნატოსა და ევროკავშირს (და საქართველოს – პრაქტიკულად ერთ-ერთი ყველაზე საიმედო პარტნიორი იყო), ამ წლებში თანდათან დაშორდა ამ იდეებს და პრო-რუსული იდეები გააძლიერა. ეს არ იყო მხოლოდ საგარეო კურსის გარკვეული რეფორმირება და დაპირისპირება ბრიუსელთან – საშინაო ასპარეზზე დაარტყა საგანმანათლებლო დაწესებულებებს, არასამთავრობო სექტორს, ოპოზიციურ ძალებს და ასე შემდეგ. თუმცა ეს ძალიან სწრაფად არ მომხდარა და როგორც აღვნიშნე, ეტაპობრივი და გარდამავალი ხასიათი ჰქონდა.
აი სწორედ 2000-ანი წლების მეორე ნახევარში, როდესაც ექსპანსიონიზმის იდეები ნელ-ნელა პოპულარული გახდა უნგრულ პოლიტიკურ წრეებში, გამოიკვეთა ორი სახელმწიფო, რომელშიც უნგრული უმცირესობა ცხოვრობდა და ბუდაპეშტი მათზე გარკვეულ პრეტენზიებს განაცხადებდა: რუმინეთი და უკრაინა. რუმინეთის საკითხი პირველი და უფრო ძველი იყო – ტრანსილვანიაში მილიონზე მეტი უნგრელი ცხოვრობს.- ანუ მთელი ქვეყნის დაახლოებით 6%. ამ ფონზე უნგრეთსა და რუმინეთს შორის გარკვეული პოლიტიკური დაპირისპირება ადრეც იყო, თუმცა ევროკავშირში შესვლისა და ურთიერთმიმოსვლის გააქტიურების ფონზე ურთიერთობები დალაგდა. ცხადია, სენტიმენტების დონეზე დაპირისპირება ისევ არსებობს, მაგრამ იმდენად მწვავე აღარაა.
რუსეთის მიერ ყირიმის ანექსიის შემდეგ უფრო მეტად წინ წამოიწია უკრაინის ზაკარპატიის ოლქის საკითხმა, სადაც 150 ათასი უნგრელი ცხოვრობს. ორბანის ხელისუფლებამ რიტორიკა თანდათან შეცვალა და უკრაინასთან მიმართებით შესამჩნევად ხისტი გახადა. ჯერ კიდევ პრეზიდენტ პოროშენკოს ხელისუფლების პერიოდში მივიღეთ გამწვავებული ურთიერთობები. პრემიერი ორბანი მუდმივად ხაზს უსვამდა უნგრელების ენისა და უფლებების დაცვის აუცილებლობას რაც რიტორიკის დონეზე მართლაც წააგავდა რუსეთის მიერ წამოწყებულ კამპანიას რუსულენოვანი მოსახლეობის დაცვის შესახებ. არ არსებობა რაიმე ხელშესახები ფაქტი თითქოს უკრაინელები უნგრელებს დევნიდნენ და ავიწროებდნენ, ამიტომ ორბანის დამოკიდებულება კიევისადმი საკმაოდ საეჭვო გახლდათ. მეტიც, ზაკარპატიეში გხვდება ორენოვანი წარწერებიც და არსებობს უნგრულის სწავლის შესაძლებლობაც.
2022 წლის 24 თებერვლის შემდეგ უნგრეთსა და უკრაინას შორის ურთიერთობები არ დამთბარა. რთული სათქმელია რა მოხდებოდა თუკი კიევი დაეცემოდა, მაგრამ არსებობს ასეთი რადიკალური ვერსია, რომ შესაძლოა უნგრეთს ზაკარპატიეს ოკუპაცია მოეხდინა სწორედ უნგრელთა [რუსეთის ან უკრაინისგან] დაცვის მოტივით. ეს ჰიპოთეტური ვერსია თავისთავად რთულად წარმოსადგენია, მაგრამ თავად კრემლის პროპაგანდისტები 2014-2022 წლებში უკრაინის გადანაწილების გეგმებს რომ ხატავდნენ დასავლეთ უკრაინის ნაწილს პოლონეთს ხოლო ზაკარპატიის ოლქს უნგრეთს აკუთვნებდნენ ხოლმე.
კიდევ ერთი არცთუ უმნიშვნელო ფაქტი – როდესაც 2022 წლის ომის დაწყების შემდგომ უკრაინაში მობილიზაცია გამოცხადდა უნგრული პოლიტიკური ჯგუფების ნაწილი უკმაყოფილონი იყვნენ ზაკარპატიის ოლქიდან ეთნიკურად უნგრელთა ჯარში გაწვევის გამო.
უნგრეთისაგან განსხვავებით პოლონეთს, მიუხედავად ძლიერი სამოქალაქო ნაციონალიზმისა და ისტორიული მახსოვრობისა, საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ არასდროს დაუყენებია უკრაინის ტერიტორიული მთლიანობა ეჭვქვეშ, რაზეც ვერ ვიტყვით უნგრეთზე, რომელშიც ისტორიული რუკები ქვეყნის საგარეო პოლიტიკაზე არცთუ უმნიშვნელოდ მოქმედებს.
ეს იყო ძალიან მოკლედ ორბანის აღმოსავლური საგარეო პოლიტიკის შესახებ. უბრალოდ ჩემთვის გაუგებარია რა მოტივაცია უნდა ჰქონდეს ვინმეს საქართველოში მიბაძოს ორბანის საგარეო პოლიტიკას უკრაინასთან მიმართებით, რადგან თბილისსა და ბუდაპეშტს კარდინალურად განსხვავებული პოლიტიკური ინტერესები გვამოძრავებს და არც ისაა დასავიწყებელი, რომ ორბანის ხედვები დასავლურ დიდ პოლიტიკურ სივრცეში აბსოლუტურ უმცირესობას წარმოადგენს სინამდვილეში მთელი ევროპის სტაბილურობაზეც ნეგატიურად აისახება,”- წერს სოციალურ ქსელში გიორგი კობერიძე.