თბილისის მერია გმირთა მოედნის მიმდებარე ტერიტორიაზე განთავსებული ბენზინგასამართი სადგურების მეპატრონეებს ალტერნატულ ფართს გამოუყოფს

70
spot_img

მინდა, ერთი მნიშვნელოვანი საკითხი გავაცნო საზოგადოებას, რომელიც ეხება გმირთა მოედნიდან სანაპიროზე ჩამსვლელი სატრანსპორტო კვანძის მოწესრიგებას, – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

„ამ პროექტთან დაკავშირებით, როგორც იცით, გასულ წელსაც ვმუშაობდით და გარკვეული გადაწყვეტები შევიმუშავეთ, გავაკეთეთ ვიდეომოდელირებაც. საკითხის შესწავლამ კიდევ უფრო ცხადყო, რომ საჭიროა ბენზინგასამართი სადგურების აღება და დამატებითი საგზაო ზოლის მოწყობა.

პროექტზე ჩვენ რამდენიმე წლის წინაც დავიწყეთ მუშაობა, თუმცა მოლაპარაკებები ბენზინგასამართი სადგურების მესაკუთრეებთან არცთუ წარმატებით წარიმართა. შემდეგ პანდემიამ შეგვიშალა ხელი. სატრანსპორტო ნაკადების მატებასთან ერთად, კიდევ უფრო აქტუალური გახდა აღნიშნული სატრანსპორტო კვანძის გარკვეული სახით მოდერნიზება და კონკრეტული გადაწყვეტების მოძებნა. ამიტომ, ბოლო პერიოდში აქტიურად ვიმუშავეთ ამ საკითხზე და დღეს შემიძლია გაცნობოთ, რომ შეთანხმება უკვე მიღწეულია სამივე მესაკუთრესთან.

დღეს, მთავრობის სხდომაზე, ქონების ადგილმონაცვლეობის საკითხი განიხილება. ჩვენ თბილისში, სხვადასხვა არეალებში გამოვყოფთ მიწის ნაკვეთებს, რომ მესაკუთრეებმა ბენზინგასამართი სადგურების გადატანა შეძლონ. უახლოეს პერიოდში გაიგზავნება ეს საკითხი საკრებულოში გადაწყვეტილების მისაღებად და მონაცვლეობის შემდეგ დავიწყებთ ბენზინგასამართი სადგურების დემონტაჟს.

ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტო უკვე აქტიურად მუშაობს სატრანსპორტო კვანძის პროექტზე, რომელსაც ასევე გავაცნობთ თბილისის მოსახლეობას. ამის შემდეგ კი ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახურს დაევალება საგზაო სამუშაოების წარმოება.

ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ უმოკლეს ვადებში დავასრულოთ, როგორც სატრანსპორტო კვანძის პროექტი, ასევე ინფრასტრუქტურული სამუშაოები“, – აღნიშნა კალაძემ.