თბილისის მერია დიდი ლილოს მუნიციპალური ნარჩენების პოლიგონზე პროექტს იწყებს რომლის თანახმად, აღნიშნული ნაგავსაყრელი სრულად მოწესრიგდება

100
spot_img

თბილისის მერია დიდი ლილოს მუნიციპალური ნარჩენების პოლიგონზე პროექტს იწყებს, რომლის თანახმად, აღნიშნული ნაგავსაყრელი სრულად მოწესრიგდება.

როგორც თბილისის მერმა კახა კალაძემ დღეს დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა, მიუღებელია ის ვითარება, რაც დღეს ნაგავსაყრელზე არის.

„გასულ კვირას ვისაუბრე დიდი ლილოს მუნიციპალური ნარჩენების პოლიგონზე დაგეგმილ უმნიშვნელოვანეს პროექტზე, რომელიც უნდა განხორციელდეს. პროექტი „ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის“ ხელშეწყობით აქტიურ ფაზაში გადავიდა. კიდევ ერთხელ მინდა განვაცხადო, რომ ამ პროექტის განხორციელებით აღნიშნული ნაგავსაყრელი სრულად მოწესრიგდება. ის ვითარება, რაც ჩვენ დღეს ნაგავსაყრელზე გვაქვს, ამ ფორმით შენარჩუნება მიუღებელია. შესაბამისად, ყველა იმ პროექტის განხორციელება, რომელზეც ვსაუბრობდი, არის მნიშვნელოვანი“,-განაცხადა კალაძემ.

მან აღნიშნა, რომ პროექტი რამდენიმე ეტაპისგან შედგება და ადგილზე არსებული ყველა პრობლემა და იქ არსებული სიბინძურე ყველანაირად მოწესრიგდება.

ამასთან, დედაქალაქის მერის ცნობით, თბილისის ნაგავსაყრელ-პოლიგონისთვის ალტერნატიული ადგილის მოძიება დაიწყება.

„გარდა ამისა, მინდა მოგაწოდოთ ინფორმაცია, რაც ჩვენი მუშაობის შედეგად მივიღეთ, ეს არის ის, რომ დავიწყოთ თბილისის ნაგავსაყრელ-პოლიგონისთვის ალტერნატიული ადგილის მოძიება. მინდა ჩემს მოადგილე, ანდრია ბასილაიას დავავალო, საერთაშორისო ექსპერტები ვნახოთ, ვინც აღნიშნულში ჩაერთვება. საერთაშორისო გამოცდილების მქონე ადამიანები დაგვეხმარებიან შესაბამისი ტერიტორიის შერჩევაში და ყველა საჭირო პირველად კვლევას ჩაატარებენ, რაც ვფიქრობ, ძალიან მნიშვნელოვანია“,-განაცხადა კალაძემ.

დედაქალაქის მერის განმარტებით, თბილისს უნდა ჰქონდეს ისეთი ნაგავსაყრელი, როგორიც განვითარებულ, ევროპულ ქვეყნებში არის.