“თბილისი – ლამაზი, მაგრამ ჯერ კიდევ შეუფასებელი საბიუჯეტო დასასვენებელი ადგილი ევროპაში”-The Daily Express

104
spot_img

ბრიტანულ გაზეთ „დეილი ექსპრესში“ (The Daily Express), რუბრიკით „მოგზაურობა“, გამოქვეყნებულია სტატია სათაურით: „თბილისი – ლამაზი, მაგრამ ჯერ კიდევ შეუფასებელი საბიუჯეტო დასასვენებელი ადგილი ევროპაში“ (ავტორი – როზი ჯემპსონი).

გთავაზობთ სტატიას შემოკლებით:

თბილისი ლამაზი ევროპული ქალაქია და იდეალურ ადგილს წარმოადგენს საბიუჯეტო დასვენებისათვის.

საქართველოს დედაქალაქში ერთმანეთში მომხიბლავად არის შერეული ევროპული, აღმოსავლური, შუა საუკუნეებისა და საბჭოური გავლენები.

თბილისი თავისი იაფი და გემრიელი საჭმელებით, ხელმისაწვდომი გასართობი დაწესებულებებით, თავისი მრავალრიცხოვანი ღირსშესანიშნაობებით და არქიტექტურით განუმეორებელ ქალაქად ითვლება.

მოგზაურებს საქართველოს დედაქალაქში მზიური დღეები ელოდებათ – ივნისში აქ დღისით 30 გრადუსიანი ტემპერატურაა, ღამით კი დაახლოებით 18 გრადუსამდე ეცემა.



ამ მომხიბლავ და მიმზიდველ ქალაქში ბევრი რამ არის ისეთი, რაც უცხოელს დააინტერესებს და ნახვის სურვილს აღუძრავს.

ძველი თბილისი, რომელიც იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის სიაშია შეტანილი, წარმოადგენს აგურით აგებული და ხის აივნებიანი სახლების ლაბირინთს, ვიწრო ქუჩებს ისეთი განლაგება აქვთ, თითქოსდა ერთმანეთს არიან ჩახვეულნი.

მათთვის, ვისაც განტვირთვა სურს, აბანოთუბნის კვარტალში არის იაფფასიანი „სპა-ცენტრები“ სპარსულ სტილში. თბილისის ბალნეოლოგიური კურორტი ბუნებრივი გოგირდოვანი ცხელი წყლით მარაგდება.
იქვე ახლოს მდებარეობს „მაიდნის ბაზარი“, აფხაზეთის ქუჩა, რომელიც სუვენირებით არის სავსე, აგრეთვე ჟან შარდენის ქუჩა და „ბამბის რიგი“. ეს ყველაფერი, რევაზ გაბრიაძის საოცარი თეატრისა და საათიანი კოშკის ჩათვლით, ყველაზე ტურისტულ ადგილს წარმოადგენს.

ჩუღურეთის უბანში ასევე ბევრია გამორჩეული ვინტაჟური ბუტიკები, ანტიკვარული მაღაზიები, მყუდრო ბარები და კლუბები.


ტურისტებს ასევე შეუძლიათ მდინარე მტკვრის მარჯვენა ნაპირზე მდებარე მეტეხის ტაძარი დაათვალიერონ, რომელიც კლდოვან, შემაღლებულ ადგილზეა აგებული და იქიდან თბილისის ძველი უბნების თვალწარმტაცი პანორამა იშლება. ისეთი შეგრძნება გეუფლებათ, მეტეხი თითქოს მდინარეზეა დაკიდებული.


იქვე თქვენ შეგიძლიათ საბაგირო გზით ნარიყალას ძველ ციხე-სიმაგრეზე ახვიდეთ და მისი „დაგრეხილი კედლები“ დაათვალიეროთ.

თუ გსურთ თბილისის უფრო მშვიდად და აუჩქარებლად ნახვა, გაემგზავრეთ მდინარის აღმოსავლეთით მდებარე უბანში, სადაც თქვენს აღმოჩნდებით ქალაქის მე-19 საუკუნის ბრწყინვალე არქიტექტურის წინაშე, რომელიც, ასწლოვანი დროის ფონზე, თანდათან ფერმკრთალდება.


თბილისში შეგიძლიათ მეფურად ისადილოთ და თანაც ძალზე იაფად. საქართველო მთელ მსოფლიოშია განთქმული თავისი პოპულარული კერძებითა და საჭმელებით – მაგალითად, ხინკლით (მოხარშული ცომი ხორცის ფარშითა და სანელებლებით), აგრეთვე ხაჭაპურით (ერთგვარი ღვეზელი ყველით).

მოამზადა სიმონ კილაძემ

წყარო: