თბილისი სტუმრების დასახვედრად ბოლო შტრიხებზე მუშაობს. მსოფლიოს 60 ქვეყნიდან ჩამოსულმა 2000-მა სტუმარმა თავი ერთის მხრივ, სახლში უნდა იგრძნოს, მეორეს მხრივ კი აქ ინვესტიციების ჩადება მოუნდეს. “თბილისის აბრეშუმის გზის” რიგით IV ფორუმი, პანდემიის შემდეგ პირველად ბრუნდება.
აბრეშუმის ფორუმს “გლობალური კარიბჭის ფორუმიდან” პრემიერი გამოეხმაურა. ირაკლი ღარიბაშვილი ამბობს, რომ ეს იქნება კარგი შესაძლებლობა, საქართველომ საკუთარი პოტენციალი მსოფლიოს აჩვენოს.
ბოლო სამზადისი უკვე დაათვალიერა ვიცე-პრემიერმა. ლევან დავითაშვილი ფორუმის მიმართ გამორჩეულ ინტერესს ნაწილობრივ ახალ გეოპოლიტიკურ მოცემულობებს უკავშირებს, რის ფონზეც ევროპისა და აზიის ისტორიულ დამაკავშირებელ საქართველოს მსოფლიომ კიდევ უფრო სანდო თვალით შეხედა. ის ფაქტი, რომ სპეციალურად ამ დღისთვის თბილისს აზერბაიჯანისა და სომხეთის პრემიერ მინისტრები ესტუმრებიან, მისთვის ქვეყნის ნეიტრალურ ნიშას უსვამს ხაზს.
უკვე თბილისშია მონტენეგროს პრემიერიც, რომელსაც ევროკავშირთან დაახლოების საკითხში თბილისისთვის ბევრი აქვს გასაზიარებელი. მითუმეტეს ახლა, როდესაც ქვეყანა კანდიდატის სტატუსს ელის. დრიტან აბაზოვიჩი საქართველოს, აზერბაიჯანისა და სომხეთის პრემიერებთან ერთად, პირველივე პანელს დაესწრება. მათ მოდერატორობას ღიდა ფაქრი გაუწევს. საერთაშორისო ჟურნალისტი ერთ-ერთია, ვინც თბილისმა ამ საქმისთვის BBC-ის, DW-სა თუ BLOOMBERG-ის ჟურნალისტებთან ერთად მოდერატორად მოიწვია.
“აბრეშუმის გზის ფორუმი” პირველად ტარდება მას შემდეგ, რაც საქართველომ აზერბაიჯანთან, რუმინეთთან და უნგრეთთან ერთად შავი ზღვის ელექტროგადამცემი კაბელის პროექტზე მუშაობა დაიწყო, რითაც ევროპა ელექტროენერგიას მიიღებს. ევროპაც პირველადაა ასე მონდომებული ახალი ენერგეტიკული წყაროების პოვნით. ამიტომ, ექსპერტები ამბობენ, რომ ეს საუკეთესო მომენტია ქვეყნისთვის საკუთარი პოტენციალი ბოლომდე წარმოაჩინოს.
ფოკუსში იქნება ტურიზმის სფეროც. კერძოდ ის, თუ როგორ უნდა მოახერხოს ამ სექტორმა ახალი გამოწვევების ფონზე ნავიგაცია. საქართველოსთვის ახლა ერთ-ერთი პირველი ამოცანა მაღალი მხარჯველობის ტურისტების მოზიდვაა
“თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმი” ორი დღის განმავლობაში გაგრძელდება. მასში სპარსეთის ყურის, თურქეთის, სერბეთის, იაპონიის, უნგრეთის, რუმინეთის, სომხეთისა თუ აზერბაიჯანის მინისტრთა კაბინეტის წევრებიც იღებენ მონაწილეობას. იგეგმება მთავრობათაშორისი მემორანდუმების დადებაც.