თავდაცვის მინისტრად ირაკლი ჩიქოვანის დანიშვნა უკეთესი იქნება, ვიდრე მისი წინამორბედი იყო -თეონა აქუბარდია

40
spot_img

თავდაცვის მინისტრად ირაკლი ჩიქოვანის დანიშვნა ცალსახად უკეთესი იქნება, ვიდრე მისი წინამორბედი იყო, რადგან მას აქვს გარკვეული გამოცდილება ისევე, როგორც ცოდნა ამ სფეროში, – ამის შესახებ ოპოზიციონერმა დეპუტატმა, თეონა აქუბარდიამ განაცხადა.

მისივე თმით, ირაკლი ჩიქოვანისთვის შორეული არ არის თავდაცვის საკითხები და მას ამ დაწინაურებას ნამდვილად გულწრფელად ულოცავს.

„იმედია, გამოცდილება, რომელიც წინა მინისტრთან გვქონდა, როცა სადეპუტატო კითხვებზე პასუხსაც აღარ სცემდნენ, გაუმჯობესდება, როცა მინისტრი მთავრობაში პარლამენტიდან მიდის. თუმცა, საერთო ჯამში, სურათი არ შეიცვლება, რადგან „ქართული ოცნების“ პირობებში თავდაცვის ეროვნული სტრატეგია არ განახლებულა, რაც კანონმდებლობით მთავრობის ვალდებულებაა. მაშინ, როცა რუსეთის აგრესიისგან გამომდინარე დიდი გამოწვევის წინაშე დგას საქართველო, არც თავდაცვის ბიუჯეტის ზრდა და არც რაიმე ტიპის დიდი შეიარაღების შესყიდვაზე საუბარი არ არის. შორს ვარ იმ აზრისგან, რომ კობახიძეა ის პირი, ვისაც თავის ქვეყნის ჯარი და ტერიტორიული მთლიანობა დიდად აღელვებდეს, რადგან არასდროს არც საოკუპაციო ხაზზე ყოფილა და სამხედრო აღლუმის დროსაც კი არ იმყოფებოდა. დიდად გამიხარდება, თუ ირაკლი ჩიქოვანი წარმატებული მინისტრი იქნება, რადგან ჯარი სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია და მისი გამოყენება პოლიტიკური მიზნებისთვის არ შეიძლება“, – განაცხადა თეონა აქუბარდიამ.

საქართველოს პრემიერ-მინისტრობის კანდიდატის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, მთავრობის შემადგენლობაში ერთადერთი ცვლილება განხორციელდება და თავდაცვის მინისტრს, ჯუანშერ ბურჭულაძეს ირაკლი ჩიქოვანი შეცვლის.