პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის პირველი საგარეო ვიზიტის ფარგლებში ძალიან მნიშვნელოვანი დღეა დღეს. საქართველოს მთავრობას შეხვედრები აქვს ნატოს შტაბში და ძალიან მნიშვნელოვანია ის განცხადებები, რომლებიც უკვე გაკეთდა, – ამის შესახებ ვიცე-პრემიერმა, საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ჩიქოვანმა ბრიუსელში ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.
ირაკლი ჩიქოვანის თქმით, განცხადებები, რომელიც იენს სტოლტენბერგმა გააკეთა, ცხადყოფს იმ მხარდაჭერას, რომელიც საქართველოს ნატოს მხრიდან აქვს. ასევე, ცხადყოფს იმ შედეგებს, რომელიც საქართველოს ნატოსთან თანამშრომლობის თვალსაზრისით აქვს.
„ჩვენ გვქონდა ძალიან ნაყოფიერი შეხვედრა გენერალურ მდივანთან, სადაც ასევე ვისაუბრეთ დეტალებზე, იმ დღის წესრიგზე, რომელიც ნატოსთან გაგვაჩნია. რა თქმა უნდა, ნატო-საქართველოს კომისია ეს იყო უმნიშვნელოვანესი შესაძლებლობა, რათა ჩვენს პარტნიორებს, ალიანსის წევრებს ჰქონოდათ შესაძლებლობა, კიდევ უფრო დეტალურად გაცნობოდნენ იმ ვითარებას, რომელიც ჩვენს ქვეყანაშია.
მეორე მხრივ, მათ დააფიქსირეს საკუთარი პოზიციები. რა თქმა უნდა, მე ვერ ვისაუბრებ დეტალებზე, მაგრამ ერთი რამ შემიძლია, გითხრათ, რომ საქართველო არის მნიშვნელოვანი პარტნიორი ნატოსთვის, საქართველოს აქვს ყველანაირი ინსტრუმენტი და მექანიზმი იმისათვის, რომ რაც შეიძლება დავუახლოვდეთ ნატოს“, – განაცხადა ირაკლი ჩიქოვანმა.
თავდაცვის მინისტრმა ასევე უპასუხა ჟურნალისტის შეკითხვას, რომელიც ნატოს ვაშინგტონის სამიტის მოლოდინებს ეხებოდა. ჩიქოვანი იმედოვნებს, რომ ის თანამშრომლობა და ურთიერთმხარდაჭერა, რომელიც საქართველოსა და ნატოს აქვს, ამ სამიტზე ადეკვატურად წარმოჩნდება.
„მე დეტალებზე ვერ ვისაუბრებ, რა თქმა უნდა. ჯერ ადრეა საუბარი დეტალებთან მიმართებით, თუმცა გეტყვით იმას, რომ ეს არის მნიშვნელოვანი სამიტი, რომელიც საიუბილეო სამიტია, ერთი მხრივ, და, მეორე მხრივ, ცხადია, რომ ის თანამშრომლობა და ურთიერთმხარდაჭერა, რომელიც აქვთ საქართველოსა და ნატოს, ალბათ, ადეკვატურად და შესაბამისად იქნება წარმოჩენილი ამ სამიტზე. კონკრეტულ დეტალებთან და თვითონ დღის წესრიგთან მიმართებით, არა მხოლოდ საქართველოსთან მიმართებაში, ალბათ, ჯერჯერობით ნაადრევია საუბარი“, – განაცხადა ირაკლი ჩიქოვანმა.