„თალიბანი“ ავღანეთში სილამაზის სალონებს კრძალავს

84
spot_img

“თალიბანმა” ავღანეთში სილამაზის სალონების დახურვის განკარგულება გასცა, – ამის შესახებ მთავრობის პრესსპიკერმა განაცხადა.

მედიის ინფორმაციით, მანკიერების პრევენციისა და სათნოების გავრცელების სამინისტროს პრესსპიკერის, მუჰამედ სადიკ აკიფის განცხადებით, ქალთა სილამაზის სალონები ერთ თვეში დაიხურება.

აკრძალვა დაწესებულია დედაქალაქ ქაბულში, ისევე როგორც სხვა პროვინციებში. „თალიბანი“ გადაწყვეტილების მიზეზებზე არ საუბრობს.

შეგახსენებთ, „თალიბანმა“ საერთაშორისო საზოგადოების მიერ აღიარებული ავღანეთის მთავრობა 2021 წლის აგვისტოში დაამხო და ძალაუფლებაში დაბრუნდა. საერთაშორისო უფლებადამცველი ორგანიზაციების ანგარიშების თანახმად, ავღანეთში ადამიანის უფლებების კუთხით მდგომარეობა გაუარესდა. გაერო-ს ექსპერტებმა მიმდინარე წლის მარტში განაცხადეს, რომ ავღანეთში ქალთა და გოგონების უფლებების მდგომარეობა 2002 წლამდე პერიოდში არსებულ მდგომარეობას დაუბრუნდა, როდესაც „თალიბანი“ქვეყანას აკონტროლებდა და ფაქტობრივად წაიშალა ქალთა უფლებების კუთხით 20 წლის მანძილზე მიღწეული პროგრესი. ქალებს აეკრძალათ უნივერსიტეტებში სწავლა, შეეზღუდათ საჯარო სივრცეებში გამოჩენა და ბევრ სფეროში დასაქმების უფლება.