არ გეტყვით, რომ არ მოაწეროთ ხელი სამშობლოს გაყიდვას! მოაწერეთ და გვეცოდინება, ვინ ჯანდაბა ხართ ამ ქვეყანაში 84 კაცი – თაკო ჩარკვიანი უმრავლესობას

15
spot_img

ბატონებო, არაფრით არ გეტყვით, რომ არ მოაწეროთ ხელი სამშობლოს გაყიდვას! მოაწერეთ და გვეცოდინება, ვინ ჯანდაბა ხართ ამ ქვეყანაში 84 კაცი – საქართველოს ისტორიას მსგავსი მოღალატეობრივი პარლამენტი არ ახსოვს! – ასე მიმართა საპარლამენტო უმრავლესობის წევრებს ოპოზიციონერმა დეპუტატმა თამარ ჩარკვიანმა.

ჩარკვიანმა “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტს “საქართველოს გამანადგურებელი კანონი“ უწოდა.

“ევროპელი მეგობრები – ჩვენი პარტნიორები გვეუბნებიან, რომ ამ კანონით ევროპის ოჯახის წევრი ვერ გავხდებით. რა დარჩა? – ტოვებთ ქვეყანას რუსეთის პირისპირ და ეს ყველაფერი ძალიან კარგად იცით!

დღეს საქართველოს არჩევანი არის ნათელი – საქართველო თუ ჯოჯოხეთი, ტერორისტი სახელმწიფო რუსეთი. აქ არაფერ შუაში გიგაური და პერსონები არ არის – სისულელეებს ნუ ლაპარაკობთ!

რატომ გაგიკვირდათ, რომ გარეთ 200 000 კაცი გამოვიდა? – მე ამ დღეებში უფრო მეტს ველოდები, რადგან ორჯერ ჩატარებული რეფერენდუმი 80%-ია. დღეს ქუჩაში ღია რეფერენდუმი ტარდება – საქართველო ქვეყნის გადასარჩენად გამოვიდა.

1978 წელს, როდესაც ენას გვართმევდნენ, კომუნისტური სივრცის ცეკას მდივანი შევარდნაძე გამოვიდა და დეპუტაცია ხალხს შეურია: – გარეთ ჩვენი შვილები გველოდებიანო. მაშინ საქართველო ერთი მთლიანი იყო და ეს 1978 წელს კომპარტიიდან წამოსულმა კაცმა გააკეთა.

საქართველოში ყველა პრეზიდენტს მიზანი ჰქონდა – იქნებოდა ეს ეროვნული სივრციდან წამოსული თუ კომუნისტური პარტიიდან წამოსული პრეზიდენტი. უფრო ლოიალური თუ იყო შევარდნაძე, რუსეთმა აფხაზეთი მის დროს წაგვართვა, მაგრამ ის კაცი არ იყო დამნაშავე. იმ კაცმა რომ მოინდომა და საქართველოს ნავთობსადენი გაუკეთა, დილის 06:00 საათზე ააფეთქეს.

რუსეთისთვის მნიშვნელობა არასდროს არ ჰქონდა კომპარტიიდან იყავი, თუ ეროვნული მოძრაობიდან – მთავარი იყო საქართველოსთვის ეროვნული საქმე არ გაგეკეთებინა“, – განაცხადა ჩარკვიანმა “ქართული ოცნების“ წევრების მისამართით.