ტერორისტულ დანაშაულში ბრალდებული ორი პირის საქმეს გრიფი „საიდუმლო“ დაედო

85
spot_img

ტერორისტულ დანაშაულში ბრალდებული ორი პირის საქმეს გრიფი “საიდუმლო” დაედო, დაკავებულები კი დუმილის უფლებას იყენებენ.

როგორც ერთ-ერთი ბრალდებულის, მურად თავართქილაძის ადვოკატი ვაკო მაჭარაშვილი აცხადებს, დაკავებულებს ერთმანეთთან მხოლოდ შორი ნაცნობობა აკავშირებთ.

„ცნობით ერთი მეორეს შესახებ იცოდნენ. გამარჯობა შეიძლება ერთმანეთისთვის ეთქვათ, მაგრამ არა უმეტესი,” – აღნიშნა ადვოკატმა.

მურად თავართქილაძის უფლებადამცველები დღევანდელ სასამართლო სხდომაზე აღკვეთის ღონისძიების სახით გირაოს გამოყენების შუამდგომლობას დააყენებენ.

“პატიმრობას არ დავეთანხმებით. გექნება შუამდგომლობა აღკვეთის ღონისძიების სახით გირაოს შერჩევის თაობაზე. პოზიცია გახლავთ, რომ იყენებს ამ ეტაპზე კანონით მინიჭებულ დუმილის უფლებას,” – განაცხადა ვაკო მაჭარაშვილმა.

როგორც ის აღნიშნავს, მისი დაცვის ქვეშ მყოფს ბრალდება ამ ეტაპზე, სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლით აქვს წაყენებული და ბრალდების დამძიმებას არ ელიან.

შეგახსენებთ, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლებმა, ტერორისტულ დანაშაულზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, საქართველოს ორი მოქალაქე დააკავეს. მათივე ცნობით, საგამოძიებო მოქმედებების შედეგად ამოღებულია დროშები ტერორისტული ორგანიზაცია „ისლამური სახელმწიფოს“ სიმბოლიკით და სხვადასხვა სახის ელექტრონული ინფორმაციის მატარებელი მოწყობილობა. ამასთან, დაკავებულების საცხოვრებელი სახლებიდან ამოღებულია საბრძოლო მასალა, ასაფეთქებელი მოწყობილობა და ფეთქებადი ნივთიერებები. დაკავებულების სასამართლო პროცესი დღეს თბილისის საქალაქო სასამართლოში უნდა გაიმართოს.