,,ტერმინ „აუტიზმის“ დამაკნინებელ კონტექსტში მოხსენიება მიუღებელია”- სახალხო დამცველი

17
spot_img

საქართველოს სახალხო დამცველი ეხმაურება ბოლო პერიოდში პოლიტიკოსებისა და მაღალი თანამდებობის პირების მხრიდან გაკეთებულ განცხადებებს, რომლებიც შეიცავს სტიგმას შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ადამიანების მიმართ, – ამის შესახებ საუბარია სახალხო დამცველის აპარატის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

„საქართველოს სახალხო დამცველს არაერთხელ აღუნიშნავს, რომ ტერმინ „აუტიზმის“ დამაკნინებელ კონტექსტში მოხსენიება მიუღებელია, ვინაიდან ხელს უწყობს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების მიმართ საზოგადოებაში მძლავრად ფესვგადგმული სოციალურ სტიგმის და მცდარი შეხედულებების გამყარებას, იწვევს საზოგადოების გაუცხოებას ამ პირთა მიმართ და ქმნის საფრთხეს, რომ ისინი მომავალში შესაძლოა დისკრიმინაციას დაექვემდებარონ. ამასთან, საზოგადოებაში ფორმირებული მცდარი სტერეოტიპული შეხედულებები სერიოზულ ფსიქოემოციურ ტრავმას აყენებს შეზღუდული შესაძლებლობის პირებსა და მათი ოჯახის წევრებს.

საქართველოში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებთან, მათ შორის, აუტიზმისა და ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემების მქონე პირებთან დაკავშირებით ჯერ კიდევ მაღალია სტიგმისა და სტერეოტიპების შემცველი დამოკიდებულება, რის გამოც ისინი ხშირად ხდებიან დისკრიმინაციის მსხვერპლნი ადამიანის ძირითადი უფლებებითა და თავისუფლებებით სარგებლობის დროს. ამ ფონზე, განსაკუთრებით შემაშფოთებელია პოლიტიკოსებისა და საზოგადოების ცნობილი სახეების მხრიდან სიძულვილის ენის შემცველი განცხადებები, რომლებიც კიდევ უფრო ამძლავრებს არსებულ სტერეოტიპებს და ხელს უწყობს არასწორი დამოკიდებულებების ჩამოყალიბებას. პოლიტიკოსებსა და საჯარო პირებს ეკისრებათ განსაკუთრებული ვალდებულება, რომ საჯარო პოლიტიკურ დებატებში არ გაავრცელონ არასწორი, სტერეოტიპებზე დამყარებული განცხადებები და არ გამოიყენონ სიძულვილის ენა.

„შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების კონვენციის“ მე-8 მუხლი წევრ სახელმწიფოებს ავალდებულებს მიიღონ სათანადო ზომების შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებებისა და ღირსების პატივისცემის უზრუნველსაყოფად. შესაბამისად, საქართველოს სახალხო დამცველი მნიშვნელოვნად მიიჩნევს სახელმწიფოს მხრიდან საზოგადოების ცნობიერების ამაღლებაზე ორიენტირებული ღონისძიებების გატარებას და ყველას მოუწოდებს, თავი შეიკავონ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ადამიანების მიმართ სტიგმისა და დისკრიმინაციის შემცველი დამოკიდებულების გამომხატველი განცხადებებისაგან“, – აღნიშნულია განცხადებაში.

„სტრატეგია აღმაშენებლის” ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ, პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის მისამართით დისკრიმინაციული განცხადება გააკეთა.