,,ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა შეუძლებელი იქნება, თუ ხალხებს შორის ნდობა არ აღდგება”- სუბარი

72
spot_img

„დიდი ხნის წინ განვაცხადეთ, რომ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის ერთადერთი გზა მშვიდობა და ხალხებს შორის ურთიერთგაგების აღდგენაა. როგორც კი ვიღაცეებს მოეჩვენათ, რომ თითქოს ომის დაწყებით ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის შესაძლებლობა გაჩნდა, ამისკენ მოწოდება დაიწყეს. ეს არის დამღუპველი გზა. ეს ნიშნავს, რომ ვერასდროს ვერ გავუსწორებთ თვალს ჩვენს აფხაზ და ოს ძმებსა და დებს და ვერასდროს აღვადგენთ ტერიტორიულ მთლიანობას“, – ამის შესახებ ჟურნალისტებთან „ხალხის ძალის“ ერთ-ერთმა ლიდერმა სოზარ სუბარმა განაცხადა. მისი თქმით, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა შეუძლებელი იქნება, თუ ხალხებს შორის ნდობა არ აღდგება. ამის გაკეთება კი შეუძლებელი იქნება, თუ არ იქნება გრძელვადიანი მშვიდობა. „დღეს არის აფხაზეთობა და ჩვენს ყველა თანამოქალაქეს, ვინც ოკუპირებულ ტერიტორიებზე და დანარჩენ საქართველოში ცხოვრობს, ვულოცავ. დღეს ძალიან სერიოზული ამბავი დაიწყო სამების საკათედრო ტაძრის ეზოში – სვიმონ კანანელის ტაძრის მშენებლობა, რომელსაც ხუთი, საქართველოს მფარველი წმინდანის სახელობის საკურთხეველი ექნება. ამ ტაძრის მშენებლობას საფუძველი 11 წლის წინ ჩაეყარა და ამდენი ხნის განმავლობაში გაჩერებული იყო. სიმბოლურია, რომ დღეს, როცა ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის გარკვეული იმედები გაჩნდა, ამ ტაძრის მშენებლობა გაგრძელდა. ზოგადად, ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის თემაზე, საქართველოს ევროპულ პერსპექტივასა და ა.შ. ბევრი სპეკულაციაა. მე ერთს ვიტყვი: ჩვენი მიზანი, ოცნება, საქმიანობა, ზრუნვა მიმართულია ერთადერთი რამისკენ – საქართველო იყოს ძლიერი, თავისუფალი, გამთლიანებული სახელმწიფო. დანარჩენი ყველაფერი ამას უნდა ემსახურებოდეს. ნებისმიერი ალიანსი, კავშირი, საგარეო და თუ საშინაო პოლიტიკა ამ ერთი მიზნისკენ უნდა იყოს მიმართული. ვინც ამას არ აკეთებს და სხვა რამეს ამბობს, უბრალოდ, საქართველოს მტერია. საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა შეუძლებელი იქნება, თუ ხალხებს შორის ნდობა არ აღდგება, თუ არ გავამყარეთ ხიდები ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრებ ჩვენს ძმებთან – ოსებთან, აფხაზებთან და ნებისმიერ ადამიანთან, ვინც იქ ცხოვრობს. საქართველო არ არის მხოლოდ ტერიტორია, საქართველო, პირველ რიგში, ადამიანებია, რომლებისთვისაც ეს ქვეყანა სამშობლოა და რომელთაც ეს ქვეყანა უყვართ. ამათ შორის უნდა შევძლოთ ის საერთო ენა დავიბრუნოთ, რომელიც გვქონდა და რომლითაც ეს ქვეყანა ძლიერი და მდიდარი იყო თავის დროზე. ამის გაკეთება შეუძლებელი იქნება, თუ არ იქნება გრძელვადიანი მშვიდობა. დიდი ხნის წინ განვაცხადეთ, რომ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის ერთადერთი გზა არის მშვიდობა და ურთიერთგაგების აღდგენა ხალხებს შორის. როგორც კი ვიღაცებს მოეჩვენათ, რომ თითქოს ომის დაწყებით ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის შესაძლებლობა გაჩნდა, ამისკენ მოწოდება დაიწყეს. ეს არის დამღუპველი გზა. ეს ნიშნავს, რომ ვერასდროს ვერ გავუსწორებთ თვალს ჩვენს აფხაზ და ოს ძმებსა და დებს და ვერასდროს აღვადგენთ ტერიტორიულ მთლიანობას. ამიტომ, მშვიდობა არის უალტერნატივო და ვინც სხვა რამეს ფიქრობს, ის საქართველოს მტერია – იმ ადამიანების დაკვეთას ასრულებს, რომელთაც საქართველოში მშვიდობა არ უნდათ და რომელთაც საქართველოს დაქცევა სურთ.“, – განაცხადა სოზარ სუბარმა.