“სუს-ის გამოძიება არის მცდელობა, გადაფარონ ისეთი მნიშვნელოვანი საკითხი, როგორიც არის, მაგალითად, ფარცხალაძის აგენტობა”

274
spot_img

სუს-ის გამოძიება არის მცდელობა, გადაფარონ ისეთი მნიშვნელოვანი საკითხი, როგორიც არის, მაგალითად, ფარცხალაძის აგენტობა, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ანა წითლიძემ განაცხადა.

მისივე თქმით, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ერთ-ერთი ყველაზე სამარცხვინო ორგანიზაციაა.

„სუს-ის მიერ დაწყებული გამოძიება გადატრიალების მცდელობით არაერთხელ გვინახავს. დაახლოებით ასეთ ხუთ საქმეზე მე პირადად ვარ დაკითხული ამ 11 წლის განმავლობაში. ხან საბურავების რევოლუციას გვაბრალებდნენ და ხან კიდევ რას, თუმცა არცერთი საქმე ბოლომდე არ მისულა. იმიტომ, რომ ეს საქმეები ყოველთვის იყო პოლიტიკური ნონსენსი და ყოველთვის რაღაცის გადასაფარად სჭირდებოდათ. სუს-ის მიერ დაწყებული გამოძიებაც ახლა არის იმის მცდელობა, გადაფარონ ისეთი მნიშვნელოვანი საკითხი, როგორიც არის, მაგალითად, ფარცხალაძის აგენტობა და სხვა მიზანი ამას არ აქვს.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ერთ-ერთი ყველაზე სამარცხვინო ორგანიზაციაა. მინდა, ამ განცხადების პასუხად ვკითხო, სად იყო სუს-ი და რას აკეთებდა, რიდესაც საქართველოს გენერალური პროკურორი რუსეთის აგენტი იყო? რას აკეთებდა, როდესაც რუსეთის აგენტი ფარცხალაძე კოორდინირებას უწევდა სამართალდამცავ ორგანოებს და ერეოდა არჩევნებში? რას აკეთებს ახლა, როდესაც ამერიკის მიერ უკვე ოფიციალურად აგენტად დეკლარირებული ფარცხალაძე თავისუფლად გადაადგილდება საქართველოში და მას არავინ არაფერს არ უზღუდავს? როგორიც არ უნდა იყოს სუს-ის მცდელობა, რომ აბსურდული ბრალდებები შექმნას, მას აუცილებლად მოუწევს მთავარ კითხვებზე პასუხის გაცემა“, – განაცხადა ანა წითლიძემ.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში გამართულ ბრიფინგზე დღეს განაცხადეს, რომ ორგანიზაცია „კანვასის“ წევრები სასტუმროში შეხვდნენ NGO-ებს, სამოქალაქო აქტივისტებს, გაიმართა დიდი ჯგუფის გადამზადება, რომელმაც გადამწყვეტი როლი უნდა შეასრულოს ხელისუფლების დამხობის პროცესში. მათივე ცნობით, 26-29 სექტემბერს USAID-ის დაფინანსებით ჩატარებულ კონფერენციას ორგანიზება „კანვას – საქართველომ“ და აღმოსავლეთ-დასავლეთ მართვის ინსტიტუტმა გაუწიეს. სუს-მა „კანვასის“ წარმომადგენლების მიმართ ჩატარებული ფარული საგამოძიებო მოქმედების შედეგად მოპოვებული მტკიცებულებების ნაწილი გამოაქვეყნა.