სუდანში აშშ-ის დიპლომატიურ ავტოკოლონას ცეცხლი გაუხსნეს

54
spot_img

აშშ-ის დიპლომატიურ ავტოკოლონას სუდანში ცეცხლი გაუხსნეს, თუმცა არავინ დაშავებულა, – ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა განაცხადა.

„გუშინ, ამერიკულ დიპლომატიურ ავტოკოლონას ცეცხლი გაუხსნეს, ყველანი უსაფრთხოდ და უვნებლად არიან“, – განაცხადა ბლინკენმა. მან თავდასხმას „უგუნური, უპასუხისმგებლო და საფრთხის შემცველი“ უწოდა და თქვა, რომ მიმდინარეობს გამოძიება.

ბლინკენის თქმით, ის ტელეფონით ესაუბრა ამ დილით სუდანის არმიისა და გასამხედროებული „სწრაფი მხარდაჭერის ძალების“ მეთაურებს და მათ 24-საათით ცეცხლის შეწყვეტისკენ მოუწოდა.

თეთრი სახლის ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს სტრატეგიული კომუნიკაციების ხელმძღვანელმა, ჯონ კირბიმ კი განაცხადა, რომ ამჟამად არ იგეგმება ამერიკელი პერსონალის ევაკუაცია სუდანიდან და მოუწოდა ყველა ამერიკელს, რომ სიტუაციას მოეპყრონ „სრული სერიოზულობით“.

მანამდე, გავრცელდა ინფორმაცია, რომ ევროკავშირის ელჩს საკუთარ სახლში, სუდანის დედაქალ ხართუნში თავს დაესხნენ. ამასთან, აიდან ოჰარას თავდასხმის შედეგად სერიოზული დაზიანებები არ მიუღია.

სუდანში მეოთხე დღეა, ქვეყნის არმიასა და გასამხედროებულ „სწრაფი მხარდაჭერის ძალებს შორის“ შეტაკებები მიმდინარეობს. საბრძოლო მოქმედებების შედეგად მოკლულია 185 ადამიანი, 1 800-ზე მეტი კი დაშავებულია. დედაქალაქ ხართუმში საჰაერო დარტყმები ხორციელდება, მხარეები მძიმე შეიარაღებას იყენებენ.