სუდანის დედაქალაქში არმიასა და გასამხედროებულ დაჯგუფება „სწრაფი მხარდაჭერის ძალებს“ შორის შეტაკებების გამო რამდენიმე ქვეყანამ საკუთარი მოქალაქეების ევაკუაცია დაიწყო, – ამის შესახებ სააგენტო „როიტერი“ წერს.
აშშ-მა სუდანიდან 100-მდე მოქალაქე უკვე გაიყვანა, რის შესახებაც აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა განაცხადა.
დიპლომატებისა და მათი ოჯახების სწრაფი ევაკუაცია განახორციელა დიდმა ბრიტანეთმაც. ამის შესახებ დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა, რიში სუნაკმა განაცხადა და აღნიშნა, რომ ბრიტანეთის სამხედროებმა ოპერაცია აშშ-სთან, საფრანგეთთან და სხვა მოკავშირეებთან ერთად ჩაატარეს.
სუდანიდან საკუთარი მოქალაქეების ევაკუაცია განახორციელეს საფრანგეთმა, გერმანიამ და იტალიამაც. მედიის ცნობით, ამ დროისთვის სუდანში ინტერნეტკავშირი მთლიანად გათიშულია, რამაც შეიძლება, სერიოზულად შეაფერხოს ხარტუმში და სხვა ქალაქებში ჩარჩენილი ადამიანების დახმარება.
შეგახსენებთ, სუდანში მიმდინარე ბრძოლას 400-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა, დაშავებულთა რიცხვი კი 2000-ს აღემატება.