პარლამენტთან ახალგაზრდების აქცია, სახელწოდებით „არა რუსულ კანონს” დასრულდა

17
spot_img

პარლამენტთან ახალგაზრდების აქცია, სახელწოდებით „არა რუსულ კანონს” დასრულდა. როგორც მათ განაცხადეს, აქციას პარლამენტთან 20 აპრილსაც გამართავენ, კვლავ 19:00 საათზე. ახალგაზრდების თქმით, პროტესტს არ შეწყვეტენ იქამდე, ვიდრე ხელისუფლება უკან არ გაიწვევს კანონპროექტს „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“.

„განვაგრძობთ ბრძოლას სტუდენტები. გამოდით ლექტორებო, გამოდით ყველა. ეს ქვეყანა ჩვენია, დასაკარგი არ გვაქვს. საქართველოს გაუმარჯოს, ვისია ეს ქვეყანა? ჩვენია.

არანაირი კოორდინაცია არ ყოფილა, ყველა საკუთარი ინიციატივით, საკუთარი გონებით, საკუთარი სულით და გულით გამოვიდა. არ დავიშლებით, ვიდრე ეს მთავრობა ამ მახინჯ კანონს არ გაიწვევს, იქამდე აქ ვიქნებით“, – აცხადებენ ახალგაზრდები.

ცნობისთვის ახალგაზრდები დღეს, თავდაპირველად პარლამენტის შენობასთან შეიკრიბნენ, ამის შემდგომ კი, მსვლელობით იუსტიციის სახლთან გადაინაცვლეს, რის შემდეგაც ასევე მსვლელობით გაემართნენ გმირთა მოედანზე. მათ გმირთა მოედანზე ფიცი დადეს, რაც მათივე თქმით, არის პირობა იმისა, რომ “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონპროექტს ხელისუფლება ვერ მიიღებს. გმირთა მოედნის შემდეგ აქცია პარლამენტთან დაასრულეს.