სტოლტენბერგი, ზელენსკის თხოვნით, უკრაინა-ნატოს საბჭოს იწვევს

91
spot_img

ნატო-ს გენერალური მდივანი, იენს სტოლტენბერგი დათანხმდა უკრაინული მხარის თხოვნას, ახლად შექმნილი უკრაინა-ნატოს საბჭოს სხდომა მოიწვიოს, რათა ბოლოდროინდელ მოვლენებთან დაკავშირებით კონსულტაციები გაიმართოს. ინფორმაციას გამოცემა dpa-ი ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, ალიანსის პრესსპიკერმა, ოანა ლუნგესკუმ განაცხადა, რომ შეხვედრა ოთხშაბათს ელჩების დონეზე გაიმართება, რათა ბოლოდროინდელი მოვლენები, მათ შორის უკრაინული მარცვლეულის შავი ზღვის გავლით ტრანსპორტირების საკითხი, განიხილონ.

შეგახსენებთ, გუშინ, უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ შავ ზღვაში არსებულ ვითარებასთან დაკავშირებით კიევი ნატო-უკრაინის საბჭოს მოწვევის წინადადებით გამოვიდა.

„ბატონ სტოლტენბერგთან მარცვლეული დერეფნის განბლოკვისთვისა და მყარი მუშაობისთვის ჩვენი ნაბიჯები განვიხილეთ. ჩვენს თანამშრომლობაში ახალ, უმაღლეს დონეზე გადავედით – უკრაინა-ნატოს საბჭოს დონეზე. და ამ მექანიზმმა შესაძლოა იმუშაოს. იენსს [სტოლტენბერგი] წინადადებით მივმართე დაუყოვნებლივ მოვიწვიოთ ასეთი საბჭო შესაბამისი კრიზისული კონსულტაციებისთვის. უახლოეს დღეებში შეხვედრა შედგება“, – განაცხადა ზელენსკიმ.