“სრული დატვირთვის პირობებში, მასწავლებელს ხელფასი მინიმუმ 500 ლარით და მეტით გაეზრდება”

77
spot_img

განათლების მინისტრის, გიორგი ამილახვრის განცხადებით, მასწავლებლებისთვის ხელფასის მატებასთან დაკავშირებით განახლებული ხედვების და რეფორმების პრეზენტაცია, სავარაუდოდ, დეკემბრის შუა რიცხვებში გაიმართება.

როგორც მან მთავრობის სხდომის შემდეგ, ჟურნალისტებთან საუბრისას განმარტა, სამინისტროს არ სურს, რომ ხელფასების ცვლილების გადაწყვეტილება მასწავლებლებთან კომუნიკაციის გარეშე, დამოუკიდებლად მიიღოს.

„ძალიან მალე, ვფიქრობ, დეკემბრის შუა რიცხვებში, როგორც მოხერხდება თარიღის მიხედვით, ზოგადი განათლების მიმართულებით, იმ განახლებული ხედვების და რეფორმების პრეზენტაცია გვექნება, რომლებიც ახლა სამინისტროში მუშავდება. რაც შეეხება თქვენს კონკრეტულ კითხავს, უშუალოდ მასწავლებლებთან პირადად შეხვედრებსა და კომუნიკაციაში ახლა ვარ ჩართული. წინა კვირას თბილისში დაახლოებით, 700 მასწავლებელს შევხვდი, სამსაათიანი დისკუსია გვქონდა სწორედ ამ საკითხზე. როგორ ფიქრობენ ისინი და როგორ აჯობებს მასწავლებლის პროფესიული განვითარება და მასთან დაკავშირებული სახელფასო პოლიტიკის განსაზღვრა. სწორედ ამ მიზნით, ამ კვირაში რეგიონებში მაქვს გასვლა. არ გვინდა ეს გადაწყვეტილება დამოუკიდებლად მივიღოთ. საბოლოოდ გვინდა, ყველა მასწავლებელი ჩავრთოთ ამ პროცესში, მოვისმინოთ მათი მოსაზრება და შესაბამისად მივიღოთ გადაწყვეტილება, მათი ინტერესებიდან გამომდინარე. ამიტომ, ჩემი უახლოესი ორი-სამი კვირა როგორც რეგიონებში, ასევე თბილისში უშუალოდ პირადად მასწავლებლებთან კომუნიკაციას დაეთმობა. საბოლოოდ, იმ სწორ სახელფასო პოლიტიკას ჩამოვაყალიბებთ, რომელიც, უპირველესად, მასწავლებელთა ინტერესებში შედის და რომელმაც ხარისხიანი განათლების ამაღლებაზე წვდომა უნდა მოიტანოს. შესაბამისად, ერთი რაც დანამდვილებით შემიძლია გითხრათ, იცით, რომ ჩვენი სახელფასო პოლიტიკის ჯამური ბიუჯეტი იზრდება. იმ რამდენიმე ვერსიიდან გამომდინარე, რომელზეც სამინისტროში ახლა ვმსჯელობთ, სრული დატვირთვის პირობებში, თითოეულ მასწავლებელს მინიმუმ 500 ლარით და მეტით გაეზრდება ხელფასი“, – განაცხადა გიორგი ამილახვარმა.

მან ასევე, პროფესიული განათლების ახალი პროექტის მიმდინარეობაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ კერძო სექტორის მხრიდან ბევრი განაცხადი შემოდის, კომუნიკაცია სხვადასხვა მიმართულებით ბევრ ადამიანთან დაწყებულია, ხოლო სამშენებლო მიმართულებით კონკრეტული პროექტი უკვე შემუშავებულია.

„სამუშაო ველი იმ მიმართულებებით, რომლებიც ჩვენ დავაიდენტიფიცირეთ და ყველაზე მოთხოვნადად და პრიორიტეტულად მივიჩნიეთ, გაშლილია. ასეთი 7-8 არის, რომელიც ჩვენს პრეზენტაციაში წარმოვადგინეთ. სამშენებლო მიმართულებით კონკრეტული პროექტიც უკვე არის და იმედი მაქვს, წლის ბოლომდე დასრულდება მოლაპარაკებაც და ყველა, ერთობლივად ვიხილავთ ამას. კერძო საჯარო პარტნიორობით ახალი კოლეჯი დაფუძნდება, სადაც თანაინვესტირება იქნება, როგორც სახელმწიფოსი, ასევე, ბუნებრივია, კერძო სექტორის, მათ შორის, ჩვენი დონორი ორგანიზაციების. სწორედ, ამ მოდელით ვფიქრობთ გაგრძელებას. განაცხადი საკმაოდ ბევრი შემოგვდის. კომუნიკაცია სხვადასხვა მიმართულებით ძალიან ბევრ ადამიანთან დაწყებული გვაქვს. დარჩენილ თვენახევარს, წლის ბოლომდე გამოვიყენებთ, რომ ის შეთავაზებები დავაიდენტიფიციროთ და გავცხრილოთ, რაც კერძო სექტორიდან მოდის. ახალი წლის შემდგომ, უკვე აქტიურად დავიწყებთ განხორციელებაზე მუშაობას და არა, ვთქვათ, გეგმარების პროცესზე. წინადადებები ახალი კოლეჯების ერთობლივად დაფუძნებაზეა, ასევე არსებული კოლეჯების მიმართულებების გაძლიერებაზე და იმ მიმართულებების მართვის ხელში აღებაზე. ამიტომ, ამ კუთხით, შემიძლია პირდაპირ გითხრათ, რომ უახლოეს ორ წელში ვგეგმავთ, რომ დაახლოებით, მინიმუმ ოთხი ათასი კაცის დასაქმების სიმძლავრე შევქმნათ ყოველწლიურად“,- განაცხადა გიორგი ამილახვარმა.