“სომხეთი და აზერბაიჯანი პრაღისა და ბრიუსელის შეთანხმებების ერთგული რჩებიან”- ნიკოლ ფაშინიანი

19
spot_img

სომხეთი და აზერბაიჯანი პრაღისა და ბრიუსელის შეთანხმებების ერთგული რჩებიან, – ამის შესახებ სომხეთის პრემიერ-მინისტრმა, ნიკოლ ფაშინიანმა აზერბაიჯანის პრეზიდენტ ილჰამ ალიევთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

სომხეთის მთავრობის ხელმძღვანელის თქმით, ორი ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა სამშვიდობო ხელშეკრულების ტექსტის შემდგომ განხილვასა და შეთანხმებას უნდა დაეთმოს. ნიკოლ ფაშინიანმა ასევე აღნიშნა, რომ სამშვიდობო შეთანხმების რამდენიმე მუხლი შეთანხმებულია, მაგრამ რამდენიმე ძირითადი მუხლი ჯერ არ არის შეთანხმებული და მხარეები შეთანხმდნენ ამ სამუშაოს შესრულებაზე.

„შეხვედრის დროს იყო მნიშვნელოვანი კითხვა, ადასტურებენ თუ არა მხარეები ადრე მიღწეულ შეთანხმებებს, რომლებიც მიღწეულ იქნა როგორც პრაღაში ოთხმხრივ შეხვედრაზე, ასევე ბრიუსელში მოლაპარაკებების დროს. მოკლედ შეიძლება ითქვას, რომ მხარეები ამ შეთანხმებების ერთგულები რჩებიან. შეთანხმდნენ, რომ საგარეო საქმეთა მინისტრები მალე შეხვდებიან, რის შემდეგაც საზღვრის დემარკაციის საკითხზეც გაიმართება შეხვედრა. ზოგადად, თუ მიღწეული შეთანხმებები დაცული იქნება, მაშინ შეთანხმებების განხორციელება ხელს შეუწყობს სასაზღვრო დაძაბულობის შემცირებას, ვიმეორებ, თუ შეთანხმებები დაცული იქნება. ჩვენი მხრივ, რა თქმა უნდა, მოწოდებული ვართ, დავიცვათ ეს შეთანხმებები“, – განაცხადა ნიკოლ ფაშინიანმა.

სომხეთის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი და აზერბაიჯანის პრეზიდენტი ილჰამ ალიევი მიუნხენში გერმანიის კანცლერ ოლაფ შოლცის შუამავლობით შეხვდნენ.​