სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვარზე სიტუაციის გამწვავება აზერბაიჯანის დესტრუქციული პოლიტიკის გამოვლინებაა -ნიკოლ ფაშინიანი

22
spot_img

13 თებერვალს, აზერბაიჯანის აგრესიული მოქმედებების შედეგად სიუნიქის ოლქის კაპანის თემის ნერკინ ჰანდის მონაკვეთზე სომხეთის სახელმწიფო საზღვარზე საბრძოლო მოვალეობის შესრულებისას 4 ჯარისკაცი დაიღუპა, – ამის შესახებ სომხეთის პრემიერ-მინისტრმა, ნიკოლ ფაშინიანმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

მან სამძიმარი გამოუცხადა დაღუპულთა ოჯახებსა და ახლობლებს და აღნიშნა, რომ მომხდარი აზერბაიჯანის დესტრუქციული პოლიტიკის კიდევ ერთი გამოვლინებაა.

„საჭიროდ მიმაჩნია ხაზგასმით აღვნიშნო, რომ მომხდარი აზერბაიჯანის დესტრუქციული პოლიტიკის კიდევ ერთი გამოვლინებაა. 12 თებერვალს აზერბაიჯანულმა მედიამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვრის ზემოაღნიშნულ მონაკვეთზე სომეხმა სამხედროებმა ცეცხლი გახსნეს, რის შედეგადაც აზერბაიჯანის შეიარაღებული ძალების სამხედრო მოსამსახურე დაშავდა. ამ განცხადების შემდეგ სომხეთის სამხედრო პოლიციამ გაავრცელა განცხადება, რომ მომხდარზე დაიწყო გამოძიება, რადგან არსებობს თავდაცვის მინისტრის მკაფიო ბრძანება, არ დაუშვან ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმის დარღვევა და პროვოკაციებზე აყოლა. ამის მიუხედავად, მეორე დილით აზერბაიჯანმა მასიური ცეცხლი გაუხსნა აღნიშნულ პოზიციებს, რის შედეგადაც ოთხი ადამიანი დავკარგეთ. მოვლენების აღწერა გვიჩვენებს, რომ აზერბაიჯანის განზრახვები იგივე რჩება – სომხეთის მიმართ სამხედრო იძულების პოლიტიკის გატარება“, – განაცხადა ფაშინიანმა.