“სკოლების 92%-ში დირექტორი არჩეულია და ვერც ერთი სკოლის მაგალითზე ვერავინ იტყვის, რომ რომელიმე დირექტორი არის არაკვალიფიციური” – განათლების მინისტრი

40
spot_img
როდესაც ხედავენ ჩვენი ოპონენტები, რომ რეფორმები დაიძრა, პრობლემები იჭრება, პოზიტივი მოდის სისტემიდან, ბუნებრივია, ჩვენს ოპონენტებს სხვა ამოცანა არ ამოძრავებთ, გარდა იმისა, რომ დააზიანონ ნებისმიერი პროცესი, იქნება ეს ხელფასების მატება თუ დირექტორების კონკურსი, – ამის შესახებ განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა გიორგი ამილახვარმა მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
მისი თქმით, სკოლების 92%-ში, სადაც კონკურსი ჩატარდა, სამეურვეო საბჭოებმა ანუ სკოლებმა თავად აირჩიეს კანდიდატები, მხოლოდ 8% დარჩა ისეთი, სადაც დირექტორი არ აურჩევიათ. ამასთან, როგორც მინისტრმა აღნიშნა, ვერც ერთი იმ სკოლის მაგალითზე, სადაც დირექტორი აარჩიეს, ვერ ამბობენ, რომ ის არის არაკვალიფიციური ან პოლიტიკურად დაკავშირებული ხელისუფლებასთან.
„სკოლების 92%-ში, სადაც კონკურსი ჩატარდა, სადაც კონკურსზე შემოიტანეს განცხადებები, სამეურვეო საბჭოებმა ანუ სკოლებმა თავად აირჩიეს კანდიდატები, მხოლოდ 8% დარჩა ისეთი, სადაც არ აურჩევიათ. თუ ვინმე არ იქნა წარდგენილი, დასაბუთებულია შესაბამის ოქმებში და ნებისმიერ ადამიანს აქვს უფლება მიმართოს სასამართლოს, თუ ფიქრობს, რომ მათი უფლებები შეილახა, მაგრამ აქ სიმართლე არის ერთი, დაახლოებით 900 სკოლაა, სადაც ახალი დირექტორი შეირჩა და ერთ ადამიანს ვერ ასახელებენ, რომ ვინმე არის ან არაკვალიფიციური, ან გარკვეული სუბიექტური მიზნებითაა იქ განმწესებული, პოლიტიკურად დაკავშირებულია ხელისუფლებასთან ან რაიმე მსგავსი. როგორც ხალხია ბრძენი, ასევე არიან პედაგოგები, ასევე არის ის სასკოლო საზოგადოება, ვინც დღეს ქმნის განათლებას და ბუნებრივია, არასდროს და ვერასდროს არ აჰყვებიან იმ ვიწრო ინტერესებს, რომლის უკანაც, შესაძლოა, იყოს გულისწყრომა და ამისთვის არ არის გარკვეული პროტესტები საჭირო, ამისთვის სამართლებრივი მოქმედება შესაძლებელია. თუ ამის უკან დგას დიდი პოლიტიკური ამოცანები, გასაგებია რატომაც, რომ მათ სურთ დააზიანონ ის დიდი რეფორმები, რომელიც განათლების სისტემაში დავიწყეთ“, – განაცხადა ამილახვარმა.