სჯობს, საქართველომ დაკარგოს მთავრობა, ვიდრე სტატუსი – ვფიქრობ, რომ ქართველ ხალხს უნდა მიეცეს საშუალება მშვიდად შეცვალოს მთავრობა და გააგრძელოს ევროპული განვითარება და არა ის, რომ სტატუსი ჩამოგვართვან ან ვიზალიბერალიზაცია შეგვიწყვიტონ, – ამის შესახებ “გირჩის” დეპუტატმა, იაგო ხვიჩიამ ჟურნალისტებთან განაცხადა.
ხვიჩიას თქმით, შემოდგომაზე ქართველი ხალხის ჯერია, რომ “ქართული ოცნება” ჩაანაცვლოს კოალიციური მმართველობით და დასრულდეს ამ ქვეყანაში ერთპიროვნული მმართველობა.
“ჯობია, საქართველომ დაკარგოს მთავრობა, ვიდრე სტატუსი. რაც ქვეყნის და მოსახლეობის ინტერესებს ეხება, ამაზე მაღლა არც რომელიმე კონკრეტული პოლიტიკოსი, პარტია ან მთავრობა არ დგას. აქედან გამომდინარე, ვფიქრობ, რომ ქართველ ხალხს უნდა მიეცეს საშუალება მშვიდად შეცვალოს მთავრობა და გააგრძელოს ევროპული განვითარება და არა ის, რომ სტატუსი ჩამოგვართვან ან ვიზალიბერალიზაცია შეგვიწყვიტონ.
ჩემი აზრით, “ქართულმა ოცნებამ” გაცნობიერების ზღვრები გადალახა და შემოდგომაზე ქართველი ხალხის ჯერია, რომ “ქართული ოცნება” ჩაანაცვლოს კოალიციური მმართველობით და დასრულდეს ამ ქვეყანაში ერთპიროვნული მმართველობა. აქედან გამომდინარე მე ვფიქრობ, რომ შემოდგომაზე ჩვენ შეგვეძლება დასავლეთს, ევროპას ვუთხრათ, რომ მათი ნაწილი ვართ და ეს არჩევნების შედეგებით დავადასტურეთ”, – განაცხადა ხვიჩიამ.
ინფორმაციისთვის, 30-ზე მეტმა ევროპარლამენტარმა ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტს, საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელს, ჯოზეფ ბორელს მიმართა.
ევროპარლამენტარები ჯოზეფ ბორელს მოუწოდებენ, გამოიჩინოს მტკიცე პოზიცია და მიიღოს ზომები, რაც მკაფიო სიგნალს გაუგზავნის საქართველოს ხელისუფლებას.
„პირველი, საქართველოს ხელისუფლებისა და წამყვანი პარტიის „ქართული ოცნების“ ქცევა ეწინააღმდეგება ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის ვალდებულებებს. ამიტომ საქართველოს კანდიდატის სტატუსი უნდა შეჩერდეს გაწევრიანების პროცესში შემდგომი პროგრესის გარეშე.
მეორე, უნდა გადაიხედოს ევროკავშირის მიერ საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტისა და სამთავრობო პროგრამების დაფინანსება.
მესამე, 2023 წლის 8 ნოემბრის კომისიის რეკომენდაციაში მოცემული ცხრა ნაბიჯის განხორციელებაში საქართველოს მიერ მიღწეულ პროგრესთან დაკავშირებით შუალედური შეფასება უნდა მოხდეს შემდგომი შეფერხების გარეშე. ეს ზომა შეტანილია პარლამენტის 2024 წლის 25 აპრილის რეზოლუციაში „საქართველოში „უცხოური აგენტების კანონის ხელახალი შემოღების მცდელობისა და სამოქალაქო საზოგადოების შეზღუდვების შესახებ”, – აღნიშნულია წერილში.