სჯობს რუსთაველზე ვიყოთ, ახლოს იმ შენობასთან, სადაც აღსრულდება ღალატის აქტი – შემდეგ გავაკეთოთ ყველაფერი, რომ ეს დღე დარჩეს ერთ-ერთ სამარცხვინო დღედ და არ იქცეს ტრაგიკულ დღედ, 5 თვე გვექნება ამისთვის, – ამის შესახებ „გირჩი – მეტი თავისუფლებისთვის“ ლიდერი ზურაბ ჯაფარიძე სოციალურ ქსელში წერს.
როგორც ჯაფარიძე აღნიშნავს, დღევანდელი დღე საქართველოს ისტორიაში ერთ-ერთი გამორჩეულად სამარცხვინო დღე იქნება.
„როგორც ჩანს, ეს დღე გარდაუვლად იქნება ერთ-ერთი გამორჩეულად სამარცხვინო დღე ამ ქვეყნის ისტორიაში. არ ღირს ამ დღის სახლში ან სამსახურში შეხვედრა თუ დღეს ცოცხალი ხარ და აქ ცხოვრობ. სჯობს რუსთაველზე ვიყოთ, ახლოს იმ შენობასთან, სადაც აღსრულდება ღალატის ეს აქტი. ესაა დღეს მინიმუმის მინიმუმი. ხოლო შემდეგ გავაკეთოთ ყველაფერი, რომ ეს დღე დარჩეს ერთ-ერთ სამარცხვინო დღედ და არ იქცეს ტრაგიკულ დღედ. 5 თვე გვექნება ამისთვის“, – აცხადებს ზურაბ ჯაფარიძე.
შეგახსენებთ, რომ დღეს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონზე პრეზიდენტის მოტივირებულ შენიშვნებს განიხილავენ. აღსანიშნავია, რომ საპარლამენტო უმრავლესობა ვეტოს დაძლევას აპირებს.