“სიტყვის და გამოხატვის თავისუფლება დღეს ყველას აქვს, მაგრამ როდესაც განზრახვა გაქვს, დაწვა ცოცხალი ადამიანი, ეს ძალიან მძიმეა”

17
spot_img

გვინდა, რომ ქვეყანაში იყოს დემოკრატია და თავისუფლება, მაგრამ ეს არ უნდა გადაიზარდოს ქაოსში და მარაზმში, – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ მედიასთან საუბრისას განაცხადა.

კახა კალაძემ ლაზარე გრიგორიადისთან დაკავშირებულ შეკითხვას უპასუხა და განაცხადა, რომ ცოცხალი ადამიანის დაწვის განზრახვა ძალიან მძიმეა.

„ევროპული მომავალი ხომ გვინდა ყველას და გვინდა, რომ ქვეყანაში იყოს დემოკრატია, თავისუფლება, მაგრამ ეს თავისუფლება არ უნდა გადაიზარდოს ქაოსში და მარაზმში.

დღეს სიტყვის და გამოხატვის თავისუფლება ქვეყანაში აქვს ნებისმიერ ადამიანს და ეს შეიძლება გამოხატოს სხვადასხვა ფორმით – მათ შორის შეიძლება გავიდეს მიტინგზე. ყველაფერს აქვს თავისი ფორმა, მაგრამ როდესაც შენ „მოლოტოვის კოქტეილს“ ესვრი ცოცხალ ადამიანებს და განზრახვა გაქვს, დაწვა ცოცხალი ადამიანი, არ ვიცი, ამაზე რა კომენტარი უნდა გავაკეთო. ძალიან მძიმეა ეს ყველაფერი“, – განაცხადა კახა კალაძემ.