ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში აგვისტოს ომთან დაკავშირებით მორიგ პოსტს აქვეყნებს და წერს იმის შესახებ თუ, რა მოვლენები უძღოდა წინ, რუსი სამხედროების საქართველოში შემოჭრას.
„სიმართლე 2008 წელზე:
რუსეთის 58-ე არმია და ,,გრუ”-ს შენაერთები საქართველოში შემოსაჭრელად მაისის თვიდან, მოსკოვში ემზადებოდნენ.
1. რა მოხდებოდა საქართველოს შეიარაღებულ ძალებს, რომ არ დაესწროთ და საცეცხლე კონტროლით არ გადაეკეტათ გუფთის ხიდი და როკის გვირაბიდან ცხინვალისკენ მომავალი გზა?რუსული ჯარი ოსური შენაერთების საფარქვეშ მთლიანად გაწმენდდა ჩვენს მიერ კონტროლირებადი ხეობების სოფლებს. თბილისში გამზადებული მეხუთე კოლონა ერთ ამბავს ატეხდა, რომ ჩვენ ჩვენი მოსახლეობა მივატოვეთ.თბილისში დაიწყებოდა არეულობა, ხოლო ვითომ ოსური შენაერთები დაეხმარებოდნენ „აჯანყებულებს“ და ხელისუფლება ისე გამოიცვლებოდა,რომ მსოფლიოში თითქმის ვერავინ ვერაფერს მიხვდებოდა. ამიტომ ჩვენი ჯარის 5-დღიანმა წინააღმდეგობამ სწორედ ის დრო მოგვაგებინა, რომელიც აუცილებელი იყო მსოფლიოს მხარდაჭერის მობილიზაციისთვის
2. რა მოხდებოდა მე რომ მიმეღო ჩვენი დასავლელი მეგობრების და ზოგიერთი თანამებრძოლის შემოთავაზება, რომ ოჯახთან ერთად დამეტოვებინა თბილისი?მოხდებოდა ზუსტად ის რაც 2021 წელს მოხდა ავღანეთში – დაისადგურებდა პანიკა, სახელმწიფო აპარატი ჩამოიშლებოდა, თბილისში არ ჩამოვიდოდა 6 ევროპელილიდერი, რომლებმაც ძალიან დიდი წვლილი შეიტანეს რუსების გაჩერებაში, ამერიკელებიც თითს აღარ გაანძრევდნენ
3. რა მოხდებოდა ამ ყველაფრის შემდეგ ამერიკელებს, რომ არ გამოეცხადებინათ ჰუმანიტარულ-სამხედრო ოპერაცია?
რუსები აიღებდნენ მთელს საქართველოს, შეცვლიდნენ არა მხოლოდ ხელისუფლებას, არამედ ქვეყნის სტატუსსა და სიმბოლიკას.
2008 წელზე საუბრისას უნდა გვახსოვდეს, რომ ქართველი ხალხის ერთიანობის, ჯარის გმირობის და უზარმაზარი საერთაშორისო მხარდაჭერის გამო, პუტინმა ვერ მიაღწია ვერც ერთ თავის სტრატეგიულ მიზანს. კერძოდ:
1. ვერ შეცვალა საქართველოს ხელისუფლება, მათ შორის, ვერ აისრულა ჩემი ფიზიკური განადგურების დეკლარირებული მიზანი
2. ვერ გაანადგურა ქართული სახელმწიფო ინსტიტუტები, ვერ შეაჩერა მსოფლიოში სახელგანთქმული ქართული რეფორმები
3. ვერ შეაჩერა ევროპული ინსტიტუტების გაფართოება, 2008 წლის ომს ევროკავშირმა აღმოსავლეთ პარტნიორობის შექმნით და მის ფარგლებში ასოცირების ხელშეკრულების და უვიზო მიმოსვლის რეჟიმის შემოღებით უპასუხა
სამწუხარო სიმართლე ისაა, რომ რასაც იარაღით ვერ მიაღწია, იმის დიდი ნაწილი 2012 წლის არჩევნებით გაინაღდა და მათ შორის ყველაფერი ამის შედეგია ჩემი სამარცხვინო ტყვეობა. გუშინდელი უთავმოყვარეო და მუდმივი თავის მოჭრა, ხან მიმოსვლები გემებით, ხან ავიამიმოსვლის ყველაზე არასწორ დროს აღდგენის პროვოკაციები. რაც მთავარია, ქართველები ტოვებენ ქვეყანას და მათ ადგილს უკვე ტანკების და ბომბდამშენების გარეშე, უკონტროლოდ იკავებენ დამპყრობლები“, – წერს მიხეილ სააკაშვილი.