“სიხარულში“ არ მიგულისხმია, რომ ქუჩებში ცეკვავენ და მღერიან იმის გამო, რომ ადამიანი გარდაიცვალა” – გია ვოლსკი

86
spot_img

არ მიგულისხმია, რომ ზურაბიშვილს გაუხარდა, არც ოპონენტების სიხარულში არ ვგულისხმობ იმას, რომ ქუჩებში ცეკვავენ და მღერიან იმის გამო, რომ ადამიანი გარდაიცვალა – მე ვთქვი, რომ ის იმ ადამიანებთან ერთად დგას, ვისაც ეს გაუხარდა და ვერანაირად ვერ ითამაშებს ნეიტრალური, ამაღლებულ, პიედესტალზე შემდგარი პოლიტიკური ფიგურის როლს, – ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე- სპიკერმა გია ვოლსკიმ სალომე ზურაბიშვილის შესახებ გუშინ გაკეთებულ თავისივე განცხადებასთან დაკავშირებით აღნიშნა.

ვოლსკის თქმით, ოპოზიციას სალომე ზურაბიშვილის სახით სერიოზული მოკავშირე ჰყავს.

„ინტერპრეტაციის საშუალება, რასაკვირველია, იყო. პირველ რიგში „გაუხარდა“ ეს არ ნიშნავს იმას, რომ ცეკვავენ, ან მღერიან ეს ადამიანები. გაუხარდა იმიტომ, რომ საშუალებას იძლევა დაგეგმონ, როგორ შეუტიონ ხელისუფლებას – ფაროსანას შემოტევა იქნება ეს, პანდემია თუ ადამიანის გარდაცვალება. ეს არის ეს ჯგუფი და მე ვიგულისხმე, რომ მათთან ერთად დგას სალომე ზურაბიშვილი და შუა, მესამე რგოლიდან მოწოდებები არის ყალბი და თვალთმაქცური. ეს ვიგულისხმე და არ მგონია, რომ ნაკლები სიმწვავის იყოს ჩემი შეფასება, თუმცა, არ მიგულისხმია, რომ მას გაუხარდა. მე ვთქვი, რომ იმ ადამიანებთან ერთად დგას, ვისაც ეს გაუხარდა და ვერანაირად ვერ ითამაშებს ნეიტრალური, ამაღლებული, პიედესტალზე შემდგარი პოლიტიკური ფიგურის როლს, ეს ვთქვი. ეს არ მიგულისხმია, რომ მას გაუხარდა, არც ჩვენი ოპონენტების სიხარულში არ ვგულისხმობ იმას, რომ ქუჩებში ცეკვავენ და მღერიან იმის გამო, რომ ადამიანი გარდაიცვალა, მაგრამ მოვიგონოთ: შაქარაშვილის სიკვდილი, უბედურება, რაც ოჯახს დაატყდა, იმ გოგონამ რომ თავი მოიკლა, ჟურნალისტის გარდაცვალება, პანდემია, ფაროსანას შემოსევა და ეს იყო სიხარული, რაც გამოიხატებოდა დესტრუქციულ ქმედებებში და ამ ვითარების გამოყენების მცდელობაში, რომ როგორმე დაეზიანებინათ სტაბილურობის მომხრე და ამისთვის მომუშავე ხელისუფლება.

სტატუსის მიღების თემასთან დაკავშირებით სალომე ზურაბიშვილის დამოკიდებულებაზე, არათუ არ იცვლება ჩვენი დამოკიდებულება, არამედ პირიქით, ახლა უფრო გამოჩნდა, რამდენად სერიოზული მოკავშირე ჰყავს რადიკალურ ოპოზიციას, „ნაცმოძრაობას“ სალომე ზურაბიშვილის სახით, რომელიც თითქოს ევროპას მოუწოდებს, რომ სტატუსი მისცენ საქართველოს, მაგრამ ამავე დროს საუბრობს, რომ არ იმსახურებს ეს ხელისუფლება, რომელიც საზოგადოების დიდი ნაწილის მიერ არის არჩეული. ეს ფორმულა ნიშნავს, რომ დესტაბილიზაცია, რევოლუცია, ძალისმიერი ცვლილებები ხელისუფლების მისაღები, არმიცემაზეა მინიშნება და არა პოზიტივზე. იმიტომ ვთქვი თვალთმაქცობაც და იმიტომ ვახსენე სიყალბეც,“ – განაცხადა ვოლსკიმ.

მისივე თქმით, ის, რაც სალომე ზურაბიშვილმა 26 მაისს თქვა, უპატიებელია და მან „მძიმე მდგომარეობაში მყოფ ქვეყანას კიდევ ერთხელ ჩაარტყა ზურგში“. ამასთან, ვოლსკი სალომე ზურაბიშვილის მოწოდებასაც გამოეხმაურა, რომ საზოგადოება ათონელის სასახლესთან შეიკრიბოს და აღნიშნა, რომ არ შეიძლება მან დაიჭიროს ნეიტრალური პოზიცია და საზოგადოებას შესთავაზოს „შემრიგებლური ხასიათის დოკუმენტი“.

„მე მივესალმები ყველა ადამიანს, ვინც გულწრფელად მივა ყველა აქციაზე და დააფიქსირებს გულწრფელად თავის პოზიციას და არა რომელიმე პოლიტიკური მხარის, ერთი ან მეორე მხარის ან მითუმეტეს, პრეზიდენტის საამებლად, რომელსაც ჰქონდა ყალბი განცხადება ამასთან დაკავშირებით, რომ „აი, რუსეთისკენ მივექანებით და ეს სტატუსი იქნება გადარჩენა ამ გზისგან“. ესაა მინიშნება, რომ არ იმსახურებს ქვეყანა სტატუსს. ასე რომ, ორსახოვანი, ორაზროვანი განცხადებები.. აბსოლუტურად ერთაზროვანი იყო, როცა პარლამენტში გამოდიოდა და აბსოლუტურად უპატიებელი იყო ის, რაც მან 26 მაისს ილაპარაკა ტრიბუნიდან. ნებისმიერი ადამიანისთვის, განსაკუთრებით პრეზიდენტისთვის ეს არის უპატიებელი და არ შეიძლება მან დაიჭიროს ნეიტრალური პოზიცია და საზოგადოებას შესთავაზოს შემრიგებლური ხასიათის დოკუმენტი, რომელიც მოსახლეობის 80 პროცენტის დამოკიდებულებას ასახავს. ეს არის ყველაფერი ორაზროვანი, რაც ამასთან დაკავშირებით იყო გაკეთებული განცხადება და ერთაზროვანი, ნეგატიური, ანტისახელმწიფოებრივი და ევროინტეგრაციის საწინააღმდეგო განცხადებები იქნა გაკეთებული პარლამენტშიც, ცალკეულ განცხადებებშიც და განსაკუთრებით 26 მაისს. იმის ნაცვლად, თავდადებისკენ მოეწოდებინა ახალწვეულებისთვის წინაშე, უცხოელების, უცხო წარმომადგენლობის თანდასწრებით მძიმე მდგომარეობაში მყოფ ქვეყანას კიდევ ერთხელ ჩაარტყა ზურგში. აი, ეს იყო მისი გამოსვლა და დღეს ამ როლის თამაში და იმ ადამიანებთან ერთად დგომა, ვისაც უხარია ნეგატიური პროცესების განვითარება, არის აშკარა და სამწუხაროდ, შეუქცევადი,“ – განაცხადა ვოლსკიმ.

ცნობისთვის, გია ვოლსკიმ გუშინ განაცხადა, რომ საქართველოს არ ეკადრება “ადამიანის სიკვდილით გახარებული” პოლიტიკოსთა ჯგუფი.

„რაღა სააკაშვილი, რაღა ლევან ხაბეიშვილი და რაღა სალომე ზურაბიშვილი. რა თქმა უნდა, ხალხიც უნდა გამოვიდეს, აქციაც უნდა ჩატარდეს, თავის პოზიცია უნდა გამოხატოს, მაგრამ ადამიანის სიკვდილით ასეთი გახარებული პოლიტიკოსთა ჯგუფი, სალომე ზურაბიშვილი, მათ შორის, არ ეკადრება ჩვენს ქვეყანას“, – განაცხადა გია ვოლსკიმ. ვოლსკის ამ განცხადებას სოციალურ ქსელში გამოეხმაურა პრეზიდენტიც და აღნიშნა, რომ “ამას ვერც პოლიტიკას და ვერც პოლიტიკოსობას ვერ დავაბრალებთ და ამას კაცობა რომ არ ჰქვია, ეს კი ყველას გვესმის!”