,,სიახლე, საარჩევნო კოდექსში ოპოზიციას მოლაპარაკების და გაერთიანების შემთხვევაში მეტ შანსს მისცემს”- ბოჟაძე

8
spot_img

საარჩევნო კოდექსში სიახლე ოპოზიციას გაუადვილებს შანსებს მოლაპარაკების, გაერთიანების შემთხვევაში და თუ ისინი ფიქრობენ, რომ ჩვენზე მეტი მხარდაჭერა აქვთ და ამომრჩეველი ჰყავთ კონკრეტულ მაჟორიტარულ ოლქებში, თავიდანვე მოიგონ არჩევნები. არც მათ დასჭირდებათ მეორე ტურები, არც საარჩევნო ადმინისტრაციას დასჭირდება დამატებითი რესურსების გაღება,- ამის შესახებ თბილისის საკრებულოს უმრავლესობის წევრმა ვლადიმერ ბოჟაძემ „დღის ქრონიკაში“ საარჩევნო ცვლილებებთან დაკავშირებით განაცხადა.

მისივე თქმით, თუ ოპოზიცია თვლიდა, რომ ბარიერების შემოღება მხოლოდ მმართველი პარტიის ინტერესში იყო, მაშინ თავად რატომ ითხოვდნენ თავის დროზე ბარიერის შემოღებას?

„ბარიერის მთავარი ამოცანა იყო 2021 წლის თვითმმართველობის არჩევნებზე ოპოზიციის მიერ დაყენებული საკითხი – თუ „ქართული ოცნება“ ვერ გადალახავდა 43%-იან ბარიერს უნდა ყოფილიყო რიგგარეშე არჩევნები. მიუხედავად ამ დათქმისა, ჩვენ ასევე შევიტანეთ მაშინ ცვლილება და 40%-იანი გახდა ბარიერი. მანამდე ასევე უბრალო უმრავლესობით ირჩევდნენ მაჟორიტარ წევრებს საკრებულოში, ცოტა მანამდე 30% იყო ბარიერი, საერთოდ იქამდე არ იყო ასეთი ბარიერი დაწესებული. პრაქტიკამ აჩვენა, რომ ბარიერის მექანიზმმა იმუშავა ერთადერთ შემთხვევაში და ერთი შედეგი გამოიღო, რომ იქ, სადაც საჭირო გახდა მეორე ტურები, საკრებულოებმა ვერ მოახერხეს დროულად შეკრება. თუ ოპოზიცია ფიქრობს, რომ ბარიერის ამოცანა ჩვენი გამარჯვება იყო, მაშინ თავად რატომ ითხოვდნენ თავის დროზე ბარიერის შემოღებას?! ითხოვდნენ მხოლოდ იმიტომ, რომ ეს პირდაპირ კავშირში იყო ცნობილ 19 აპრილის შეთანხმების დათქმასთან. რაც შეეხება სიახლეს საარჩევნო კოდექსში, ეს სიახლე ოპოზიციას გაუადვილებს შანსებს მოლაპარაკების, გაერთიანების შემთხვევაში და თუ ისინი ფიქრობენ, რომ ჩვენზე მეტი მხარდაჭერა აქვთ და ამომრჩეველი ჰყავთ კონკრეტულ მაჟორიტარულ ოლქებში, თავიდანვე მოიგონ არჩევნები. არც მათ დასჭირდებათ მეორე ტურები, არც საარჩევნო ადმინისტრაციას დაჭირდება დამატებითი რესურსების გაღება, მათ შორის, ტექნიკურ-მატერიალური და რაც ყველაზე მთავარია, იმავე დღეს, როცა დასრულდება არჩევნები, გამოვლინდებიან გამარჯვებულები, გადანაწილდება პროპორციული მანდატები პოლიტიკურ პარტიებზე და საკრებულოები შეუდგებიან მუშაობას“,- აღნიშნა ბოჟაძემ.

საარჩევნო კოდექსში შესატან ცვლილებებზე დღეს, პარლამენტის პლენარულ სხდომაზე პირველი მოსმენით იმსჯელეს. ცვლილებების მიხედვით, საკრებულოს არჩევნებში, მაჟორიტარული საარჩევნო სისტემით, საკრებულოს წევრთა არჩევის საკითხის ახლებურად დარეგულირება და 40-პროცენტიანი ბარიერის გაუქმება იგეგმება.