“სიახლე არ არის, რომ ოპოზიცია ქვეყანაში არეულობის შემოტანას ცდილობს, ხელისუფლება თავის სიმაღლეზე დგას” – გიორგი კახიანი 

172
spot_img

საზოგადოებისთვის სიახლე აღარ არის, რომ ოპოზიცია ქვეყანაში არეულობის შემოტანას ცდილობს. წლების განმავლობაში ვხედავთ, როგორი სახე მიიღო მათმა რადიკალიზმმა. ოქტომბერ-დეკემბერში მოსალოდნელია მეტი რადიკალური ქმედებები, ამას ამბობს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურიც, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, გიორგი კახიანმა განაცხადა.

მისივე თქმით, ქვეყანაში არეულობას არც შესაბამისი სამსახურები და არც საზოგადოება არ დაუშვებს.

„ეს ყველაფერი უსუსური მცდელობა იქნება, რადგან შესაბამისი სამსახურები შესაბამის ზომებს მიიღებენ და რაც მთავარია, ამას ქართული საზოგადოება არ დაუშვებს. მათი მიზანი დესტაბილიზაციაა, რაც საზოგადოებისთვის მიუღებელია. ადრეც იყო საბურავების თემა და ასე შემდეგ. მაშინ გადატრიალება რომ არ მოხდა და ოპოზიციამ თავის მიზანს ვერ მიაღწია, ეს არ ნიშნავს, რომ მათ ამის მცდელობა არ ჰქონდათ. პირიქით, ეს მანიშნებელია, რომ ხელისუფლება თავის სიმაღლეზე დგას. ისინი ვერანაირ შედეგს ვერ მიაღწევენ“, – განაცხადა გიორგი კახიანმა.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ „საქართველოს ტერიტორიასა და მის ფარგლებს გარეთ მოქმედ პირთა ჯგუფი საქართველოში გეგმავს დესტაბილიზაციას, სამოქალაქო არეულობას, რომლის საბოლოო მიზანია ხელისუფლების ძალადობრივი შეცვლა“. საქართველოში დესტაბილიზაციის გეგმის ორგანიზატორებად სუს-ი გიორგი ლორთქიფანიძეს, მიხეილ ბატურინსა და მამუკა მამულაშვილს ასახელებს.