,,შუადღე პუტინის წინააღმდეგ”- მოსკოვში აქცია იმართება

23
spot_img

მოსკოვში, საარჩევნო უბნებთან, ადგილობრივი დროით 12:00 საათიდან ხალხმა შეკრება დაიწყო, მოსკოვის ცენტრალურ რაიონებსა და ცენტრის გარეთ რიგები ფიქსირდება, – ინფორმაციას „მედუზა“ ავრცელებს.

აქციის: „შუადღე პუტინის წინააღმდეგ“ იდეა, რომელიც 17 მარტს, 12:00 საათზე საარჩევნო უბნებზე მისვლას და ამჟამინდელი პრეზიდენტის წინააღმდეგ ხმის მიცემის ან ბიულეტენის დაზიანებას ითვალისწინებს, სანქტ-პეტერბურგის საკანონმდებლო ასამბლეის ყოფილ დეპუტატს, მაქსიმ რეზნიკს ეკუთვნის.

სიკვდილამდე ცოტა ხნით ადრე, აქციის მიმართ მხარდაჭერა გამოხატა ოპოზიციონერმა პოლიტიკოსმა, ალექსეი ნავალნიმ.

ნავალნის გარდაცვალების შემდეგ მისმა თანაგუნდელებმა საზოგადოებას პოლიტიკოსის უკანასკნელი სურვილების ასრულებისკენ მოუწოდეს და ვლადიმერ პუტინის ყველა ოპონენტს შესთავაზეს, 17 მარტს, 12:00 საათზე, საარჩევნო უბნებზე ერთდროულად მივიდნენ.

შეგახსენებთ, რუსეთში საპრეზიდენტო არჩევნების კენჭისყრის მესამე დღე მიმდინარეობს. ცენტრალური საარჩევნო კომისიის ხელმძღვანელმა, ელა პამფილოვამ დღეს დილით განაცხადა, რომ აქტივობა მთელი ქვეყნის მასშტაბით, ელექტრონული ხმის მიცემის ჩათვლით, 61.37 % იყო. ციფრული განვითარების სამინისტროს ცნობით, მოსკოვში, 17 მარტის დილის 10 საათისთვის არსებული მონაცემებით, დისტანციური ელექტრონული ხმის მიცემის სისტემის გზით არჩევანი 4.2 მილიონმა ადამიანმა დააფიქსირა.