“შუა დერეფანი დღეს საგანგებოდ მნიშვნელოვანია” – გია ვოლსკი

73
spot_img

შუა დერეფანი დღეს საგანგებოდ მნიშვნელოვანია – მომავალი მსოფლიოს არქიტექტურის დიდი ნაწილი საქართველოს ინტერესების გათვალისწინებით იქნება ჩამოყალიბებული და მნიშვნელოვანი და საჭიროა ის აქტივობები, რასაც პრემიერ- მინისტრი ეწევა, – ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა გია ვოლსკიმ ჩინეთ-საქართველოს ურთიერთობებთან დაკავშირებით განაცხადა.

მისი თქმით, აბრეშუმის გზის განვითარების თვალსაზრისით საქართველოს მნიშვნელოვანი გეოპოლიტიკური პოზიცია აქვს.

“შუა დერეფნის მნიშვნელობაზე დიდი ხანია ლაპარაკია, მაგრამ დღეს ეს თემა არის საგანგებოდ მნიშვნელოვანი ყველასათვის, აღმოსავლეთისთვისაც, დასავლეთისთვისაც და ამ ორი ბაზრის დაკავშირება შუა დერეფნის გარეშე ვერ მოხდება. საქართველოს გეოპოლიტიკური პოზიცია შეესაბამება იმ სტანდარტს, რომელიც აუცილებელია ისტორიული აბრეშუმის გზის განვითარებისთვის და სწორედაც საქართველოს გავლით ძალიან ბევრი რამ მოხდება. არქიტექტურის დიდი ნაწილი მომავალი მსოფლიოსი, რასაკვირველია, საქართველოს ინტერესების გათვალისწინებით იქნება ჩამოყალიბებული. ამ ეტაპზე არის მნიშვნელოვანი და საჭირო ის აქტივობები, რასაც პრემიერ-მინისტრი ეწევა და მისასალმებელი უნდა იყოს წესით ყველასათვის. სამწუხაროა, რომ ბევრი დესტრუქციული სუბიექტი გამოჩნდა, რომელიც ამ საკითხებზეც კი კრიტიკისთვის იცლის,” – განაცხადა ვოლსკიმ.

მისივე თქმით, საქართველოს მეშვეობით რუსეთისთვის სანქცირებული ტვირთების მიწოდების საკითხზე საუბარი დღის წესრიგიდან მოიხსნა.

“გონებრივად ჩამორჩენილი უნდა იყო, არაფერს უნდა წარმოადგენდე, ინფორმაცია არაფერზე გქონდეს, რას წარმოადგენს შუა დერეფანი – შუა დერეფანი კოსმოსსა და აზიას შორის კი არ არის, შუა დერეფანი დასავლეთსა და აღმოსავლეთს შორის არის და არ მგონია, დასავლეთში იყოს ისეთი განწყობები, რომ მიაწოდონ ისეთი ტვირთები ამ შუა დერეფნის გამოყენებით, რომელიც რუსეთში აღმოჩნდება საბოლოო ჯამში. ასე რომ ის თემა, რომ საქართველოს გავლით რუსეთი სანქციებს არიდებს თავს, მოიხსნა დღის წესრიგიდან, მითუმეტეს, ბოლო პერიოდში სახელმწიფო დეპარტამენტის კომპეტენტური სტრუქტურის მიერ გაკეთებული განცხადება ამას გამორიცხავს, თუმცა, რასაკვირველია, არავინ უარყოფს იმას, რომ კონტროლი მუდმივად გაგრძელდება და ეს საჭიროა. ჯერჯერობით რაც გამოვლინდა, ამ სანქციების მიუხედავად რუსეთი საკმაოდ სერიოზულ დივიდენდებს იღებს თავისი ენერგორესურსებით ვაჭრობის მეშვეობით, მათ შორის უკრაინის გავლით,” – განაცხადა ვოლსკიმ.