რუსული არმიის რიგებში კრიზისია? – რას წერს უცხოური პრესა

101
spot_img

აშშ-ის სამაუწყებლო კომპანიის „ამერიკის ხმის“ (Voice of America) ვებ-გვერდზე გამოქვეყნებულია სტატია სათაურით „კრიზისი რუსული არმიის რიგებში“, რომელშიც რუსეთის შეიარაღებულ ძალებში ბოლო დროს შექმნილი მდგომარეობაა გაანალიზებული, უკრაინასთან ომის ფონზე.

გთავაზობთ პუბლიკაციას:

კერძო სამხედრო დაჯგუფება “ვაგნერის” ხელმძღვანელის, ევგენი პრიგოჟინის ხანმოკლე ამბოხს, რუსეთის სამხედრო ეშელონებში კრიზისი და ფართო წმენდა მოჰყვა. დასავლური მედიის ინფორმაციით, ამ დრომდე, თანამდებობიდან გაათავისუფლეს, დააკავეს ან გაუჩინარდა 30 სამხედრო მაღალჩინოსანი. მოსკოვში არ ადასტურებენ, უკავშირდება თუ არა ამ მაღალი რანგის სამხედროების საქმიანობიდან ჩამოშორება პრიგოჟინის ამბოხს, რომელიც პუტინთან მოლაპარაკებით დასრულდა.

ვაშინგტონში დაფუძნებულ “ომის შემსწავლელ ინსტიტუტში” ამბობენ, რომ საქმე მხოლოდ ევგენი პრიგოჟინში არაა და ის არ არის ერთადერთი, ვისაც რუსეთის სამხედრო ხელმძღვანელობასთან დიდი ხნის უთანხმოება აქვს.

„რუს მეთაურებს და მაღალჩინოსნებს შორის უკმაყოფილება დიდია იმაზე, თუ როგორ მართავენ [თავდაცვის მინისტრი სერგეი] შოიგუ და [გენერალური შტაბის უფროსი ვალერი] გერასიმოვი უკრაინაში საომარ მოქმედებებს“, – ამბობს “ომის შემსწავლელი ინსტიტუტის” მკვლევარი რილი ბაილი, „ამერიკის ხმასთან“ ინტერვიუში.

ევგენი პრიგოჟინი, ცოტა ხნის წინ, სანქტ-პეტერბურგში, აფრიკის სამიტის მიმდინარეობისას გამოჩნდა. მისი ბედის გარშემო სპეკულაციები არ წყდება. ბევრი დამკვირვებელი ვარაუდობს, რომ ის “მოსიარულე მკვდარია”. პრიგოჟინის ამბოხის ერთ-ერთი გაცხადებული მიზეზი, სწორედ რუსეთის გენშტაბის უფროსის, გენერალ ვალერი გერასიმოვისა და თავდაცვის მინისტრ სერგეი შოიგუს თანამდებობიდან გადაყენება იყო. ორივე ამ დრომდე პოსტებზე რჩება.

„კრემლის მხრიდან, შოიგუსა და გერასიმოვის მოხსნა ნაკლებად სავარაუდოა. პირველი იმიტომ, რომ ისინი ერთგულები არიან და პუტინი ყველაფერზე მეტად ერთგულებას აფასებს. შოიგუ და გერასიმოვი ამ ომში დიდ როლს თამაშობენ. გერასიმოვი არ არის მხოლოდ გენერალური შტაბის უფროსი. ის, ასევე, უკრაინაში რუსული სამხედრო კამპანიის მეთაურია“, – ამბობს რილი ბაილი.

გარდა ამისა, სამხედრო ხელმძღვანელობის შეცვლა, კრემლისთვის რეპუტაციის საკითხია, ამბობს ექსპერტი. “რეჟიმის არასტაბილურობის საკითხი დადგება. გამოვა, რომ პრიგოჟინს შეუსრულეს მისი ერთ-ერთი მოთხოვნა. ამან შეიძლება შექმნას პრეცედენტი, რომ საკმარისია, სისტემა პირდაპირ გამოიწვიო იმისთვის, რომ მიიღო ის, რაც გინდა”, – განმარტავს რილი ბეილი.

სამხედრო ვერტიკალში მიმდინარე წმენდის მიზეზი, შესაძლოა არა საკუთრივ კრემლის მიზნები, არამედ გერასიმოვის და შოიგუს მცდელობა იყოს, – გაიმყარონ საკუთარი პოზიციები სისტემის შიგნით, ამბობს “ომის შემსწავლელი ინსტიტუტის” მკვლევარი და დასძენს, რომ საინტერესოა, რომ კრემლმა ამ ორთან დაპირისპირებული ზოგიერთი პირი დააწინაურა. ეს შესაძლოა იმაზე მიუთითებდეს, რომ „გერასიმოვი და შოიგუ საბრძოლო მოქმედებების საერთო ხელმძღვანელებად დარჩებიან, მაგრამ ბევრი პასუხისმგებლობა ჩამოერთმევათ და არმიის სხვა მეთაურებს გადაეცემათ“, – ამბობს რილი ბაილი.

რუსეთის ძალოვან სტრუქტურებში მოწინააღმდეგე ფრაქციებს შორის დაპირისპირება სიახლე არაა. თუმცა, გარდა შიდა ინტრიგებისა და თანამდებობის დაკარგვის საფრთხისა, რუს გენერლებს სხვა უფრო დიდი პრობლემებიც აქვთ. „თუ რუსი გენერალი ხარ“, – ამბობს ლუკ კოფი, “ჰადსონის ინსტიტუტის” მკვლევარი, – „ან უკრაინული რაკეტის სამიზნეში აღმოჩნდები, ან თუ ვლადიმირ პუტინის გარდა სხვა ვინმეს ერთგულებაში შეგამჩნევენ, ციხეში ჩაგაგდებენ“.

უკრაინის წინააღმდეგ მიმდინარე რუსეთის სრულმასშტაბიან ომში, დაახლოებით 30 გენერალი და სხვა მაღალი რანგის სამხედრო მეთაური დაიღუპა. ეს ისტორიულად რეკორდული მაჩვენებელია და ბევრად აჭარბებს, ავღანეთში საბჭოთა კავშირის 10 წლიანი კამპანიის დროს დაღუპულთა რაოდენობას.

„[დაღუპული] ამერიკელი სამხედრო მაღალჩინოსნების რიცხვი, 20 წლის განმავლობაში, ერაყსა და ავღანეთში ერთი ან ორი იყო, არც ისე ბევრი. უკრაინაში, კი 30-ზე მეტია დაღუპული, დაახლოებით წელიწად-ნახევარში“, – ამბობს ლუკ კოფი.

ომის დასაწყისიდან, ბრძოლის ველზე, უკრაინა სამიზნეში იღებს რუსეთის სამხედრო ხელმძღვანელობის ზედა ეშელონებს. „ნიუ იორკ თაიმსის“ გავრცელებული ცნობით, რომელიც გამოცემის წყაროებს ეყრდნობა, რუსი გენერლების და მაღალჩინოსნების გადაადგილების შესახებ ინფორმაციას კიევი შეერთებული შტატების დახმარებით იღებს. კოფი იზიარებს ამ დაშვებას და ამბობს, რომ მაღალჩინოსნების სამიზნეში ამოღება, სარდლობის ვერტიკალზე გავლენას ახდენს. „ეს არის უკრაინის უფრო დიდი, სტრატეგიული მიზნის ნაწილი, ჩამოშალოს რუსეთის მართვისა და კონტროლის სისტემა, განსაკუთრებით მიმდინარე კონტრშეტევის ფონზე“, – ამბობს “ჰადსონის ინსტიტუტის” მკვლევარი.

რუსი სამხედრო მაღალჩინოსნების უსაფრთხოებას არც სამხედრო წარმატება განაპირობებს. უკრაინის სამხრეთში, ზაპორიჟიეში მებრძოლი 58-ე საერთო-საჯარისო არმიის გენერალ-მაიორი ივან პოპოვი მას შემდეგ გაათავისუფლეს, რაც მან საჯაროდ გამოთქვა უკმაყოფილება, ფრონტზე არსებული პირობების გამო და სამხედრო სარდლობა გააკრიტიკა. ის სირიაში გაგზავნეს.

ივან პოპოვი მარტო არაა. თანამდებობიდან, სავარაუდოდ, ასევე გაათავისუფლეს 106-ე საჰაერო სადესანტო დივიზიის და მეშვიდე საჰაერო-სადესანტო დივიზიის მეთაურები. „ეს სამი ფორმირება, ფრონტის საკვანძო სექტორებში იბრძვის და უკრაინის კონტრშეტევით მოქმედებებს უმკლავდება, ზაპოროჟიისაა და ბახმუტის ირგვლივ“, – ამბობს რილი ბაილი და დასძენს, რომ „ისინი არ გაუთავისუფლებიათ ცუდად შესრულებული სამუშაოს გამო. ეს ქვედანაყოფები, რეალურად, სხვა რუსულ დანაყოფებთან შედარებით, კარგ თავდაცვით ოპერაციას ატარებენ. მაგრამ, ისინი რეგულარულად ცდილობდნენ რუსეთის ზემო სამხედრო ხელმძღვანელობა აიძულონ, გადაწყვეტილებები შეეცვალათ“, – ამბობს ექსპერტი.

“ომის შემსწავლელი ინსტიტუტის” დასკვნით, ეს ნაბიჯები, რუსული სარდლობის მცდელობის ნაწილია, აღკვეთოს დაუმორჩილებლობის შემთხვევები. არმიაში პირველი რანგის მეთაურთა რიგების წმენდის შემდეგ, ახლა შედარებით დაბალ რანგებზე გადადიან. თუმცა, აქ შოიგუ და გერასიმოვი, სირთულეს აწყდებიან.

„ერთია მოხსნა მეთაური ფრონტის ხაზის ფორმირებიდან ან ქვედანაყოფიდან, მეორე დაარღვიო ფრონტზე ბრძოლაში მყოფი ფორმირებები ან დანაყოფები“, – ამბობს რილი ბაილი. სწორედ ამიტომ, „კრემლი გერასიმოვს და შოიგუს ნებას ვერ რთავს ჩაატარონ ისეთი სრულმასშტაბიანი წმენდა, როგორიც მათ სურთ“, – განმარტავს ექსპერტი.

ვლადიმერ პუტინის უკრაინაში შეჭრის შემდგ, რუსეთის არმიის რიგებში არსებულ პრობლემებზე, ბევრი მიმომხილველი საუბრობდა. დაუმორჩილებლობითა და სარდლობის ჯაჭვის პრობლემებით დაწყებული, კორუფციით გაგრძელებული და ჯარისკაცების მორალით დამთავრებული. ომის მიმდინარეობასთან ერთად, “ომის შემსწავლელი ინსტიტუტის” თქმით, სამხედრო მაღალჩინოსნების დაუმორჩილებლობის შემთხვევები შესაძლოა არმიის დაბალ საფეხურებზეც გავრცელდეს და თითოეულ ჯარისკაცამდე მიაღწიოს, რაც უკრაინაში რუსეთის საომარი მოქმედებების ეფექტურობას შეასუსტებს.

„სარდლობის ჯაჭვის დეგრადაცია, სხვადასხვა ფორმირებებს შორის ერთიანობის დარღვევას გამოიწვევს და ვეღარ მოახერხებენ თავდაცვითი მოქმედებები დოქტრინის მიხედვით შეასრულონ“, – დასძენს რილი ბაილი. მისი თქმით, უფრო საყურადღებო საკითხი ჯარიკაცებს შორის მორალის შერყევაა.

„რუს ჯარისკაცს ეს მეთაურები მოსწონთ და მათ საკუთარი ინტერესების გამტარებლად თვლიან”, – ამბობს ბაილი და განმარტავს, რომ “მორალი შეიძლება შეირყეს ისე, რომ რუს სამხედროებს აღარ ქონდეთ მოტივაცია, კონტრშეტევის საწინააღმდეგო მოქმედებებში ჩაერთნონ“.

მართალია, რუსეთის სარდლობაში მიმდინარე რყევები გავლენას ახდენს რუსეთის სამხედრო ძალისხმევაზე, თუმცა ნელა და შედეგები უფრო ცხადად გრძელვადიან პერიოდში გამოჩნდება, ამბობს ლუკ კოფი.

„თუ 18 წლის რუსი წვევამდელი ხარ სანგარში, ზაპორიჟიეში სამვარსკვლავიანი რუსი გენერალი მოკლეს თუ ციხეში ჩააგდეს, დიდად არ გაღელვებს. ეს შენზე მაშინვე არ აისახება, თუმცა გრძელვადიანად, რამდენიმე კვირაში ან თვეში, მიღებული გადაწყვეტილებები, ლოგისტიკის თუ ტაქტიკის კუთხით, შენზე გავლენას იქონიებს”, – განმარტავს ის.

მიმომხილველებს თქმით, პრიგოჟინის ამბოხმა რუსული სამხედრო ვერტიკალში არსებული პრობლემები გამოკვეთა. თუმცა, ეს უთანხმოებების მხოლოდ ერთი ეპიზოდი იყო, რომელსაც შესაძლოა გაგრძელება მოჰყვეს.

წყარო