შსს-მ „ნიკორას“ მოლარე კონსულტანტი და კიდევ ერთი პირი დააკავა – დეტალები

32
spot_img

შინაგან საქმეთა სამინისტრომ კომპიუტერულ სისტემაში უნებართვო შეღწევის ფაქტზე 2 პირი დააკავა.

კერძოდ, უწყების ცნობით, შინაგან საქმეთა სამინისტროს, ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის, ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის მთავარი სამმართველოს, კიბერდანაშაულთან ბრძოლის სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ფინანსური სარგებლის მიღების მიზნით, კომპიუტერულ სისტემაში უნებართვო შეღწევის ფაქტზე, ნასამართლევი და ამჟამად პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფი ორი პირი – 2004 წელს დაბადებული ა.ე. და 2003 წელს დაბადებული ჯ.უ. დააკავეს.

შსს-ის ინფორმაციით, დანაშაული 11 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

„კომპლექსურად ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად დადგინდა, რომ ფინანსური სარგებლის მიღების მიზნით, ჯ.უ.-მ და ა.ე.-მ, წინასწარი შეთანხმებით, ჯგუფურად შეიმუშავეს სხვის კომპიუტერულ სისტემაში უნებართვოდ შეღწევის გეგმა, კერძოდ: ა.ე. რომელიც დასაქმებული იყო სს „ნიკორა ტრეიდში“ მოლარე კონსულტანტის პოზიციაზე, იმახსოვრებდა სუპერმარკეტ „ნიკორას“ მომხმარებელთა პირად და დაგროვების ბარათის ნომრებს და შემდგომ აწვდიდა მათ ჯ.უ.-ს.

თავის მხრივ, ჯ.უ.-მ მის კუთვნილ მობილურ ტელეფონში ჩაწერა „NIKORA SUPERMARKET“-ის აპლიკაცია, სადაც სხვის კომპიუტერულ სისტემაში უნებართვოდ შეღწევის მიზნით, არეგისტრირებდა ა.ე.-ს მიერ მიწოდებულ ამავე მაღაზიის მომხმარებლების პირად და დაგროვების ბარათის ნომრებს, რის შემდგომაც ჯ.უ. მიდიოდა სს „ნიკორა ტრეიდის“ მაღაზიებში და მოლარეების შეცდომაში შეყვანის გზით, ხარჯავდა მომხმარებელთა ბარათებზე დაგროვილ ქულებს. ქულების გახარჯვის შედეგად მიღებულ სარგებელს კი ინაწილებდა ა.ე.-სთან ერთად.

აღნიშნული დანაშაულებრივი ქმედების შედეგად სს „ნიკორა ტრეიდს“ მიადგა მნიშვნელოვანი მატერიალური ზიანი.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 286-ე პრიმა მუხლის მეორე, მესამე და მეოთხე ნაწილებით მიმდინარეობს“.- ნათქვამია შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციაში.