შს მინისტრთან მაქვს კითხვა – მამუკა ხაზარაძე

12
spot_img

შინაგან საქმეთა მინისტრის დღევანდელი განცხადება არის ორგულობის, უტიფრობის, არაკომპეტენტურობის და პირდაპირ დავარქვათ, ღალატის განცხადება, – ამის შესახებ “ლელოს” ლიდერმა, მამუკა ხაზარაძემ პარლამენტთან აქციაზე განაცხადა, სადაც მოქალაქეები „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ შესახებ კანონპროექტს აპროტესტებენ და დღეს ღამის გათენებას გეგმავენ.

მამუკა ხაზარაძის შეფასებით, „ქართულ ოცნებას“ მიზანმიმართულად მიჰყავს საქართველო რუსეთისკენ და ეს სიტუაცია უკვე კულმინაციასთან მივიდა.

„შს მინისტრის განცხადება არის ღალატი იმიტომ, რომ მას, როგორც შს მინისტრს კონსტიტუციით და კანონმდებლობით ევალება მოქალაქეების დაცვა. როცა პრევენციულ განცხადებას აკეთებ და საუბრობ სხვადასხვა მუხლებზე, რომ აქ ახალგაზრდებს დაიჭერ, მე მაქვს მასთან პირადი კითხვა, ვისზე აღძრა სისხლის სამართლის საქმე, იმ ადამიანებზე, რომლებიც ყოველდღიურად ნიღბებით სხვადასხვა ახალგაზრდებს, ჩემს თანაგუნდელებს აედევნენ?! გუშინ ჩვენს თანაგუნდელებზე 5 ადამიანი იყო ადევნებული. ზურა (გირჩი) ჯაფარიძეს უკვე მესამედ დახვდნენ სახლში. აღარ ჩამოვთვლი ყველა იმ ადამიანს, ვისაც ჩაუსაფრდნენ. მითხრას პირადად, გამოვიდეს და თქვას, ვისზე აღიძრა სისხლის სამართლის საქმე და ვინ იქნა კანონის მიხედვით პასუხისგებაში მიცემული. ახლა როცა საუბრობს 4 წლით გავუშვებ ციხეშიო, მინდა მას პირადად და ყველას, ვინც ასე ფიქრობს, ვუთხრა, რუსულ ციხეში ჯდომას ისევ ქართულ ციხეში ჯდომა სჯობს, იმიტომ, რომ თქვენ ეს ქვეყანა მიგყავთ რუსეთისკენ მიზანმიმართულად, ნაბიჯ-ნაბიჯ და უკვე კულმინაციასთან მივიდა დღეს ეს სიტუაცია“, – განაცხადა ხაზარაძემ.

მან ბიძინა ივანიშვილს მიმართა და მას ქვეყანაში არსებულ დაძაბულ ვითარებაზე პასუხისმგებლობა დააკისრა.

„მეორე კითხვა ბიძინა ივანიშვილს, 7 ნოემბერი რომ მოხდა, ვინ აფინანსებდა იმდროინდელ სპეცრაზმს? ვინ აფინანსებდა იმდროინდელ ხელისუფლებას 7 ნოემბრის მერე? აფინანსებდი შენ. ანუ, ყველაფერ ამ არეულობის უკან დგახარ შენ პირადად. ამიტომ, არ დაგითმობთ არცერთ კვადრატულ მეტრს არც რუსთაველზე და არც თავისუფლების არცერთ მიტკალს არ დაგითმობთ!“, – განაცხადა ხაზარაძემ.