პარტია „ლელოს“ ერთ-ერთი ლიდერის, გრიგოლ გეგელიას შეფასებით, რაჭაში მომხდარ სტიქიასთან დაკავშირებით შინაგან საქმეთა მინისტრის, ვახტანგ გომელაურის დღევანდელი განცხადება „უტიფრობის მწვერვალია“.
როგორც ის აღნიშნავს, მინისტრის განცხადება კიდევ ერთი დასტურია, რომ ხელისუფლებამ არაფერი გააკეთა დამატებითი ძალისხმევის გასაღებად.
„შს მინისტრის განცხადება უტიფრობის მწვერვალია. მისი ლოგიკით, ტონობით მიწის ქვეშ მოხვედრა არ ყოფილა სიცოცხლისათვის რისკის შემცველი. მთავრობის აზრით, ღვარცოფმა თუ წაგიღო, სახელმწიფო საჭიროდ არ ჩათვლის შენს დახსნას, რადგან თურმე ეს არ ყოფილა იმ წამს უშუალო რისკის შემცველი. მინისტრის განცხადება კიდევ ერთი დასტურია, რომ ხელისუფლებამ არაფერი ქნა დამატებითი ძალისხმევის გასაღებად.
ეს არის გაუგონარი ცინიზმის და მკვლელი გულგრილობის ნაზავი. ამ ხელისუფლების სათავეში ყოფნის ყოველი დღე ღრმად საშიშია თითოეული ქართველისა და ჩვენი სახელმწიფოსთვის, რადგან ეს ხელისუფლება ემსახურება რუსეთს და არა ქართველი ხალხის ინტერესებს“, – განაცხადა გეგელიამ.
ცნობისთვის, შინაგან საქმეთა მინისტრმა, ვახტანგ გომელაურმა შოვში, სტიქიის ზონაში, ღამით ვერტმფრენების ფრენის შეჩერებასთან დაკავშირებით ჟურნალისტების კითხვებს უპასუხა და განმარტა, რომ ვერტმფრენის ფრენა მთებში რისკთან არის დაკავშირებული.
„რაც შეეხება, რატომ არ დაფრინავდნენ ღამე? ამაზე ასჯერ მაქვს ახსნილი, ვინც ავიაციაში ერკვევა, ყველას კარგად ესმით, ჩვენ ღამის ფრენის საშუალებები გვაქვს, შეძენილი გვაქვს, შეგვიძლია ვიფრინოთ, თუმცა არის ძალიან დიდი რისკი, ასე რომ ვთქვათ, თუ მართლა ადამიანის სიცოცხლეს არ ემუქრება იმ წამს რაღაცა, რომ პილოტებმა გარისკოს არ არის მიზანშეწონილი და არ არის დაშვებული, არ შეიძლება, უბრალოდ. შეიძლება დილით გამოვიყვანოთ სამ საათში ადამიანები, გავრისკოთ და ვერტმფრენის დაღუპვას ან პილოტების დაღუპვას“, – განაცხადა გომელაურმა.
ინფორმაციას პარტია „ლელო“ ავრცელებს.